22-12-2017
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ნიგოითის თემის მოსახლეობა მომავალ ორშაბათს, 25 დეკემბერს აქციას გამართავს. ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ნიგოითის თემის მოსახლეობა მომავალ ორშაბათს, 25 დეკემბერს აქციას გამართავს.
მათი მთავარი მოთხოვნა, ამავე თემში შემავალ სოფელ ჩოლაბარგში სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე მძიმეწონიანი სატვირთო მანქანების მოძრაობის აკრძალვა იქნება.
როგორც აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი, ნათია კუცია გვეუბნება, მომხდარი ტრაგედია, რის გამოც 15 წლის მოზარდი გარდაიცვალა, სწორედ სატვირთოების ქაოტურ მოძრაობას და მძღოლების უყურადღებობას უკავშირდება:
"ის ტრაგედია, რაც დატრიალდა ქვიანში, მარტო იმ ოჯახის კი არა, მთელი სამი სოფლის და ზოგადად ლანჩხუთის ტრაგედიაა. საბურავი მოსძვრა სატვირთოს და 15 წლის ბავშვი შეიწირა. ამიტომ, მოვითხოვთ, რომ მოწესრიგდეს ეს სიტუაცია, გამოუყონ სადმე ადგილი ამ მძიმეწონიან მანქანებს, სადაც გაჩერდებიან და ნუ დადიან სკოლის ტერიტორიაზე. ისედაც ვიწრო ჩასახვევია მაქ და გადაჭედილია ყველაფერი. სოფელ ჩოლაბარგში არის იუსტიციის სახლი, იქვე ჩასახვევში არის საშუალო სკოლა და ახლოს რკინიგზის სადგური. იქაც ვეღარ მივა ადამინი, უკვე ისეთი სიტუაციაა ამ სატვირთოების გამო შექმნილი. ახლაც, 10-15 მძიმეწონიანი მანქანა გაჩერებულია და გადაადგილებაც შეუძლებელი ხდება. ამ მანქანების მძღოლებს სახლი ჩვენს სოფელში აქვთ დაქირავებული და ამ მანქანებსაც აჩერებენ სახლთან ახლოს. დღე-ღამეში 40 მანქანა დადის იმ პატარა უბანში. მძღოლები აზერბაიჯანელები არიან ძირითადად და როგორც მე ვიცი, ავტომაგისტრალზე არიან დასაქმებულები. ხმაურს, მტვერს და ტალახს ვინ ჩივის, ჩვენი შვილების სიცოცხლეს ემუქრება უკვე საფრთხე. ამის გამო გავმართავთ აქციას და მოვითხოვთ ადგილობრივი ხელისუფლებისგან, რომ რაც შეიძლება სწრაფად მოახდინონ რეაგირება ჩვენს მოთხოვნაზე და სკოლის მოსწავლეების, ბავშვების სიცოცხლეს ნუ დააყენებენ საფრთხის ქვეშ"-გვითხრა ნათია კუციამ.
ცნობისთვის: ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვიანში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 15 წლის ბიჭი დაიღუპა. მოზარდი კლინიკაში იყო გადაყვანილი, სადაც ოპერაცია ჩაუტარდა, თუმცა მისი გადარჩენა, სიცოცხლისთვის შეუსაბამო დაზიანებების გამო ვერ მოხერხდა.
შემთხვევა ცენტრალური მაგისტრალის ქვიანის მონაკვეთზე მოხდა. მძიმეწონიან მანქანას საბურავი მოძვრა და მოზარდს დაეჯახა. შსს-მ მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის დაზიანება.
წყარო: "გურიის მოამბე"