23-04-2019
სახალხო უნივერსიტეტთა გერმანული ასოციაციის საერთაშორისო თანამშრომლობის ინსტიტუტის (DVV International) საქართველოს ოფისის ორგანიზებით და დაფინანსებით, იმერეთის სახელმწიფო რწმუნებულის გუბერნატორის ადმინისტრაციისა და ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით, ხვალ 14:00 საათზე ხარაგაულში ახალი ზრდასრულთა განათლების ცენტრი გაიხსნება.
ცენტრის საქმიანობის ძირითადი მიმართულება ზრდასრულთა განათლების სფეროს განვითარება-გაძლიერება და პროფესიული კადრების ჩამოყალიბების ხელშეწყობა იქნება. განათლების ახალი ცენტრი დაინტერესებულ პირებს საშუალებას მისცემს სხვადასხვა მიმართულებით უფასოდ აიმაღლონ კვალიფიკაცია და გახდნენ შრომის ბაზარზე კონკურენტუნარიანი.
ხარაგაულის ზრდასრულთა განათლების ცენტრს ოფიციალურად გახსნიან DVV International-ის კავკასიის, სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის და თურქეთის რეგიონალური დირექტორი მაია ავრამოვსკა, DVV International-ის საქართველოს ოსფისის დირექტორი ლალი სანთელაძე, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩი საქართველოში ჰუბერტ ქნირში, ხარაგაულის მუნიციალიტეტის მერი ნიკოლოზ თოფურიძე, საკრებულოს თავმჯდომარე მანანა ბარბაქაძე, ბორჯომ-ხარაგაულის ტყე-პარკის წარმომადგენლები და მოწვეული სტუმრები.
სახალხო უნივერსიტეტთა გერმანული ასოციაციის საერთაშორისო თანამშრომლობის ინსტიტუტის (DVV International) საქართველოს ოფისის ინიციატივით 2006 წლიდან საქართველოს 7 რეგიონში ზრდასრულთა განათლების 10 ცენტრი დაარსდა ახალციხესა და ახალქალაქში (სამცხე-ჯავახეთი), დაბა ჯვარსა და სენაკში (სამეგრელო), ქედაში (აჭარა), ჩოხატაურში (გურია), ლელიანში (კახეთი), კოდასა და შაუმიანში (ქვემო ქართლი), ამბროლაურში (რაჭა), რომელთა მიზანია საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი გახდეს არაფორმალური განათლების მთავარი კონცეფცია „სწავლა მთელი სიცოცხლის მანძილზე“.
24 აპრილს საქართველოში არსებულ 10 ზრდასრულთა განათლების ცენტრს ხარაგაულში მე-11-ე ზრდასრულთა განათლების ცენტრი შეემატება, სადაც ბენეფიციარებს შესაძლებლობა ექნებათ პიროვნული განვითარებისა და პროფესიული განათლების კურსები გაიარონ უფასოდ და სხვადასხვა სოციალურ, კულტურულ თუ სამოქალაქო აქტივობებში მიიღონ მონაწილეობა.
ცენტრებში გახსნილი პროფესიული და პიროვნული განვითარების კურსებზე ადგილობრივი სოციალურად დაუცველი მოსახლეობა თანამედროვე ბაზარზე მოთხოვნად პროფესიებსა და ხელობებს ეუფლება, ან უკვე არსებულ პროფესიაში იმაღლებს კვალიფიკაციას; იძენს ახალ უნარებსა და ცოდნას, რაც მნიშვნელოვნად ამაღლებს მათი დასაქმების შანსებს.
ეს არის პიროვნული თუ პროფესიული გავითარების კურსების მხოლოდ არასრული ჩამონათვალი, რომლებსაც ცენტრები ბენეფიციარებს სთავაზობენ: კომპიუტერი, ინგლისური და გერმანული ენები, ტურისტული გიდი, პროექტის მენეჯმენტი, ბუღალტერია, ფინანსური მენეჯერი, კონფლიქტის მენეჯმენტი, მინანქარის დამზადება, ბატიკა, ჭრა-კერვა, კოსმეტოლოგია, სტილისტი, ავეჯის დამზადება, აგრარული პროფესიები, ოქრომჭედლობა, მეფუტკრეობა, სამშენებლო პროფესიები, კულინარია და სხვა მრავალი. შესაბამისად, ზრდასრულთა განათლების ცენტრებში მიმდინარე აქტივობების მრავალფეროვნება განსხვავებული ასაკის, სქესისა და სოციალური სტატუსის მქონდე პირებს იზიდავს, ცენტრებში საგანამათლებო კურებსა და ღონისძიებებში მონაწილეობა შეუძლია ნებისმიერ ადამიანს ნებისმიერ ასაკში, ეს ზრდის განათლების მიღების შესაძლებლობას, შუა ხნის 40 + და ხნიერი 60 + ასაკის ჯგუფებისათვის, რომლებიც ასაკის გამო როგორც წესი სწავლისათვის შეუფერებლად მიიჩვევიან. ცენტრების წლიური ანგარიშები აჩვენებს, რომ ბენეფიციარების ასაკი 4-დან 87 წლამდე მერყეობს.
ყოველწლიურად ცენტრების საგანმანათლებლო პროგრამებში 7.000-ზე მეტი ბენეფიციარი მონაწილეობს, რომელთა 8-11% საქმდება. 2006 წლიდან დღემდე ზრდასრულთა განათლების ცენტრების მომსახურებით 100.000-მდე ბენეფიციარმა ისარგებლა, მათ შორის 30.000-ზე მეტრმა იძულებით გადაადგილებულმა პირმა და 15.000-მდე ეთნიკური და რელიგიური უმცირესობის წარმომადგენელმა. DVV International-ის საქართველოს ოფისის ძირითადი პრიორიტეტი ამ ეტაპზე ქვეყნის ყველა რეგიონში ზრდასრულთა სათემო განათლების მინიმუმ თითო ცენტრის დაარსება და ხელშეწყობაა. DVV International-ი საქართველოს ოფისი თავის საქმიანობას გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების სამინისტროს, გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროსა და ევროკავშირის დაფინანსებით ახორციელებს. 2002-2019 წლებში ამ დონორების დაფინანსებამ 10 მილიონი ევრო შეადგინა.
DVV International-ის საქართველოს ოფისის მრავალფეროვან პროექტებში მონაწილეთა საერთო რაოდენობამ 150 000 გადააჭარბა.