13-05-2019
სენაკის მუნიციპალიტეტის მოსწავლე-ახალგაზრდობისა და კულტურის ცენტრში, სურსათის უვნებლობის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე ლევან თოლორდავა, სენაკის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე გრიგოლ ბაღათურია, მერის მოადგილე კახაბერ კუპრეიშვილი, მეფუტკრეთა ასოციაციის ნდობით აღჭურვილი პირი კახაბერ პაპავა მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლებს, ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის რწმუნებულებს და სენაკელ მეფუტკრეებს შეხვდნენ.
შეხვედრაზე, აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის ღონისძიებების განხორციელების პროცესში, ფუტკრის მოვლისა და დაცვის საკითხები დიალოგის რეჟიმში იქნა განხილული.
მეფუტკრეებმა ინფორმაცია მიიღეს მავნებლის წინააღმდეგ მიმდინარე ღონისძიებებზე და „მოიზიდე და გაანადგურე“ სადგურების მექანიკურ მეთოდებს გაეცნენ.
აღინიშნა, რომ რეგიონების მასშტაბით, სურსათის ეროვნული სააგენტოს სპეციალისტების მიერ ფაროსანას აქტიური მონიტორინგი მიმდინარეობს, ხოლო იმ ადმინისტრაციულ ერთეულებში, სადაც „მოიზიდე და გაანადგურე“ სადგურები დამონტაჟდა, წერტილოვანი შეწამვლები ხორციელდება.
უსაფრთხოების წესების დაცვის მიზნით და მეფუტკრეთა ინტერესების გათვალისწინებით, იმ ტერიტორიებზე, სადაც საფუტკრეებია განთავსებული, შეწამვლითი ღონისძიებები განხორციელდება საღამოს საათებში, მაშინ, როცა ფუტკარი დაბინავებულია.
იმ სოფლებში, სადაც ფუტკრის ოჯახების მაღალი კონცენტრაციაა, „მოიზიდე და გაანადგურე“ სადგურები მონტაჟდება.
შემუშავდა სისტემა, რომლის მიხედვითაც გზის მიმდებარე ტერიტორიაზე, მეფუტკრეები განათავსებენ სპეციალურ სანიშნეებს, ფუტკრის ადგილმდებარეობის შესახებ.
წამლობის დაწყების შესახებ შეტყობინება მეფუტკრეებთან 24 საათით ადრე გაიგზავნება.
აღსანიშნავია, რომ „მოიზიდე და გაანადგურე“ სადგურების მონტაჟის დასრულების შემდეგ, წამლობის პროცესი სენაკის სამ ადმინისტრაციულ ერთეულში დაწყებულია და აქტიურ ფაზაში შედის. სახელმწიფოს მიერ მაქსიმალურად არის მობილიზებული ყველა რესურსი იმისათვის, რომ მავნებლის საწინააღმდეგო ღონისძიებები დროულად, შეუფერხებლად, ეფექტურად და უსაფრთხოდ განხორციელდეს.