14-05-2019
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, ნათია თურნავა რუსთავში მსხვილ მეტალურგიულ საწარმოებს - „რუსთავის ფოლადსა“ და „ჯეოსთილს“ ეწვია და მათ საწარმოო პროცესს გაეცნო.
ორივე საწარმოში 2500-ზე მეტი ადამიანია დასაქმებული, ხოლო აღნიშნული მეტალურგიული საწარმოების მიერ წარმოებული პროდუქციის დიდი ნაწილი ექსპორტზე გადის. ამჟამად საწარმოებში ტექნოლოგიური გადაიარაღება მიმდინარეობს, მათ შორის, ეკოლოგიური სტანდარების დაცვის მიმართულებით.
„ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, პირველ რიგში ვნახოთ, თუ როგორ ემზადებიან აღნიშნული საწარმოები, რომ გახდნენ უფრო ენერგოეფექტურები. ჩვენ მოვისმინეთ კონკრეტული გეგმები. ორივე საწარმოს დაწყებული აქვს გადაიარაღება, ცვლიან ტექნოლოგიურ პროცესს იმისთვის, რომ ნაკლები ელექტროენერგია მოიხმარონ, ატმოსფეროში ნაკლები გაფრქვევა იყოს და სხვა“ - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მედიასთან საუბრისას საწარმოების დათვალიერების შემდეგ.
„მნიშვნელოვანია, რომ ქარხნებში ენერგოეფექტურ საწარმოებად გარდაქმნის პროცესი მიმდინარეობს, რაც ენერგეტიკაში ჩვენი მასშტაბური რეფორმის გამოძახილია. ეს იქნება ჩვენი მოთხოვნა და ჩვენ ამ პროცესს არამარტო დავაკვირდებით, არამედ წარმოებებს ხელსაც შევუწყობთ, რომ ამ სტანდარტებს უპასუხონ“ - განაცხადა ნათია თურნავამ.