15-05-2019
„ბადაგონი“, როგორც საქართველოს მეღვინეობის ინდუსტრიის ლიდერი კომპანია, აგრძელებს ტრიუმფალური გამარჯვებების მოპოვებას მსოფლიო საერთაშორისო კონკურსებზე.
ამჟერად ევროპის ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ ღვინის საერთაშორისო კონკურსზე „CONCOURS MONDIAL DE BRUXELLES 2019“ ბადაგონმა ქართული ღვინო ღირსეულად წარმოადგინა და რეკორდული მაჩვენებელი - ერთდროულად 3 ოქროს მედალი მოიპოვა!
კონკურსზე ოქროს მედლის მფლობელ ღვინოებად ბადაგონის „საფერავი რეზერვი 2010“ წითელი მშრალი, „კახური წარჩინებული“ წითელი მშრალი და „კახური წაჩინებული“ თეთრი მშრალი ღვინო დასახელდა!
მსოფლიოში ღვინის მწარმოებელ კომპანიებს შორის „ბადაგონი“ უკვე აღიარებული მსოფლიო ბრენდია. მხოლოდ, უკნასკნელი 4 წლის განმავლობაში „ბადაგონს“ 43 საერთაშორისო ფესტივალზე მოპოვებული აქვს 111 მედალი. აქედან თითქმის ნახევარი ოქროსია.
კონკურსში წელს 10 000-მდე ღვინომ მიიღო მონაწილეობა 46 ქვეყნიდან, რაც მის მასშტაბურობას ცალსახად უსვამს ხაზს. კონკურსს უკვე 25-წლიანი გამოცდილება აქვს და ის უნიკალურია ღვინოების შერჩევის მაქსიმალურად მკაცრი და ობიექტური კრიტერიუმების გათვალისწინებით.
კონკურსის ჟიური დაკომპლექტებულია საერთაშორისო დონის პროფესიონალი ენოლოგებით, ღვინის საუკეთესო სპეციალისტებითა და კრიტიკოსებით. კონკურსი ბელგიაშია დაფუძნებული, თუმცა ყოველწლიურად სხვადასხვა ქვეყანაში ტარდება და წელს ის შვეიცარიაში გაიმართა.
ოქროს მედლის მფლობელი სამივე ღვინო ბადაგონის მთავარი ენოლოგის, დოქტორი დონატო ლანატის მიერაა შექმნილი ალავერდის მონასტრის მიმდებარედ გაშენებული ვენახებიდან მოწეული რჩეული ყურძნისგან. აღსანიშნავია, რომ დოქტორი დონატო ენოლოგთა მსოფლიო ხუთეულში სახელდება და მეღვინეობის საერთაშორისო ჯილდოს, ღვინის ოსკარის მფლობელია. სამივე ღვინო უკვე საკმაოდ ტიტულოვანია - ღვინომ „საფერავი რეზერვი 2010“ ბოლო 1 წლის მანძილზე უკვე 12 ოქროს მედალი მოიპოვა სხვადასხვა საერთაშორისო კონკურსზე!
„CONCOURS MONDIAL DE BRUXELLES 2019“ კონკურსზე მაღალი კონკურენციის მიუხედავად ბადაგონმა კვლავ შეძლო საუკეთესო შედეგის მოპოვება, რაც დიდი მოტივაციაა სამომავლო წარმატებებისათვის. ბადაგონისა და ქართული ღვინის თითოეულ გულშემატკივარს გილოცავთ ამ რეკორდული მაჩვენებლის მიღწევას!