22-05-2019
აქციას „მოდი ღამე მუზეუმში“, რომელიც მუზეუმების საერთაშორისო დღეს ეძღვნება, სენაკის მუნიციპალიტეტი გამოფენებით, საგანმანათლებლო პროგრამებითა და კულტურული აქტივობებით - შეუერთდა.
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით, მოსწავლე-ახალგაზრდობისა და კულტურის ცენტრის ორგანიზებითა და ნოქალაქევის არქოლოგიური მუზეუმის პარტნიორობით, პარმენ ზაქარაიას სახელობის ნოქალაქევის არქიტექტურულ-არქეოლოგიური მუზეუმ-ნაკრძალის ტერიტორიაზე, აქციის ფარგლებში, გაიმართა კონცერტი სახალხო ქორეოგრაფიულ ანსამბლ ,,კოლხის“, ,,კოლხური ტრიოს“, ვაჟთა ანსამბლის, ცენტრთან არსებული ახალგაზრდული თეატრის ,,ფიროსმანი’’ მსახიობების, ადგილობრივი შემოქმედებითი ჯგუფებისა და ინდივიდუალური შემსრულებლების მონაწილეობით.
საღამო, რომელსაც სენაკის მუნიციპალიტეტის მერი ლევან კუპრეიშვილი, მერის პირველი მოადგილე გრიგოლ ბაღათურია, მერის მოადგილე კახაბერ კუპრეიშვილი, ადგილობრივი თვითმმართველობისა და საზოგადოების წარმომადგენლები ესწრებოდნენ, ფოიერვერკით დასრულდა. აქციამ „ღამე მუზეუმში“, რომელიც საქართველოში 2011 წლიდან იმართება და მიზნად საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას, მუზეუმების, მასში დაცული კულტურული მემკვიდრეობის ნიმუშების ხელმისაწვდომობას ისახავს, წელს განსაკუთრებული მასშტაბები შეიძინა - აქციას 114 მუზეუმი შეუერთდა.