24-05-2019
შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტის დირექტორმა, ლონდა თოლორაიამ, სოფელ აღაიანში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გააკეთა კომენტარი.
ჟურნალისტის კითხვაზე, დადგება თუ არა სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი არასრულწლოვან გოგონასთან სქესობრივი კავშირის გამო, ლონდა თოლორაიამ განაცხადა, რომ ეს არის დანაშაული და გამოძიება ამ მიმართულებითაც მუშაობს.
„აღნიშნული საქმის ფარგლებში გამოძიება მუშაობს ამ მიმართულებითაც.
ამ ეტაპზე არსებული ინფორმაციით, გოგონა დაორსულების დროისთვის ნამდვილად იყო 15 წლის.
15 წლის პირთან ნებაყოფლობითი სქესობრივი კავშირიც კი ეს არის დანაშაული.
მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება ნათესაური კავშირების დადგენის მიზნით და ამის შემდგომ დღის წესრიგში დადგება შესაბამისი პირის პასუხისმგებლობის საკითხი", - განაცხადა ლონდა თოლორაიამ.