25-05-2019
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, სასამართლოსთვის ცრუ ჩვენების მიცემის ბრალდებით, 3 პირი დააკავეს.
სამართალდამცველებმა თბილისში დააკავეს 1991 წელს დაბადებული ა.ნ., წალკაში კი -1983 წელს დაბადებული თ.ქ. და 1986 წელს დაბადებული თ.მ. მათ მიერ ჩადენილი დანაშაული 3-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა, მართლმსაჯულებისთვის ხელის შეშლის მიზნით, მოწმის სახით გამოკითხვის დროს, ცრუ ჩვენება მისცეს იმ პირთა სასამართლო პროცესებზე, რომლებსაც განსაკუთრებით მძიმე დანაშაულებში - „ქურდული სამყაროს“ წევრობაში, ქურდულ შეკრებაში მონაწილეობასა და ქურდული სამყაროს საქმიანობის მხარდაჭერაში ედებათ ბრალი.
გამოძიება სასამართლოსთვის ცრუ ჩვენების მიცემის ფაქტებზე, საქართველოს სსკ-ს 370-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს.