29-05-2019
აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს დაფინანსებით გვარას ციხეზე არქეოლოგიური გათხრები მიმდინარეობს. ექსპედიციამ გააგრძელა გასულ წელს დაწყებული სამუშაოები და დაასრულა ციხის შიდა ტერიტორიაზე გამოვლენილი სხვადასხვა დანიშნულების ნაგებობების შესწავლა.
წელს კი მოხდა ციხის სამხრეთ-აღმოსავლეთ კუთხეში გალავანში ჩართული კოშკის შესწავლა. როგორც გაირკვა, თავის დროზე ციხეს შესასვლელი სწორედ ამ მხრიდან ჰქონია. კოშკი აკონტროლებდა ციხეში ამომავალ ერთადერთ გზას და მნიშვნელოვანი ადგილი ეჭირა ციხის თავდაცვით სისტემაში. კოშკის შიდა სივრცეში იატაკის დონეზე აღმოჩნდა 9 ქვევრი.
არქეოლოგიური გათხრების პარალელურად დანაწევრდა და ციხის გარეთ გაიზიდა გალავნის ჩაქცეული კედლების უმეტესი ნაწილი. გაივლო საკონტროლო თხრილები ციხის გარეთ- დასავლეთ, ჩრდილოეთ და სამხრეთ კედლებთან. გაიწმინდა ციხის მიმდებარე ტერიტორიაც.
გვარას ციხე ნიგალისა და მაჭახლის ხეობის გასაღები იყო. ამ ციხესთან გაივლიდა შავშეთისა და კლარჯეთისაკენ მიმავალი გზები. ციხის ძირითადი დანიშნულებაც მდინარე ჭოროხისა და მაჭახლის წყლის ხეობაზე გამავალი გზების გაკონტროლება იყო. იგი ყველა ეპოქაში თავისი ადგილმდებარეობით მიმზიდველი იყო და XI ს-დან XX ს-ის I ნახევრამდე დიდ როლს ასრულებდა ჭოროხის ხეობის ერთიანი თავდაცვითი სისტემის ჯაჭვში.