სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, თემირლან მაჩალიკაშვილი დაკავებისას შეეცადა წინააღმდეგობა გაეწია სამართალდამცავებისთვის, კერძოდ უნდოდა მოქმედებაში მოეყვანა ხელყუმბარა, რა დროსაც დანაშაულებრივი ქმედების აღსაკვეთად უკიდურესი აუცილებლობიდან გამომდინარე გამოყენებული იქნა პროპორციული ძალა და მოხდა თემირლან მაჩალიკაშვილის მისამართით გასროლა, რის შედეგადაც ამ უკანასკნელმა თავის არეში მიიღო ცეცხლნასროლი დაზიანება.
დაკავებულის და ნატა მაჩალიკაშვილი სუს–ის ბრალდებას უარყოფს. ნატა ამბობს, რომ მის ძმას საცხოვრებელი სახლის მეორე სართულზე ეძინა, როცა ღამის 3 საათზე სახლში სპეცრაზმელები შევარდნენ. „შევარდნისთანავე გასროლის ხმა მომესმა. იძახდნენ - ერთი დაჭრილი გვყავსო. ოთახში ვყავდით ჩაკეტილები მე, დედა და ბებიაჩემი, მამა ცალკე იყო. ძმა თვალით არ გვინახავს როგორ წაიყვანეს. 3-დან 6 საათამდე გვატყუებდნენ, რომ გვანახებდნენ ძმას. ნუ ნერვიულობთო, კარგად არისო. 10 საათი რომ დაიწყო, წავიდნენ. როცა ოთახში შევედით სისხლი დაგვხვდა. რატომ ესროლეს, არვიცით. ჩემ ძმას არც იარაღი ჰქონდა და არც ხელყუმბარა“, – უთხრა ნატა მაჩალიკაშვილმა პანკისის სათემო რადიოს.
თემირლან მაჩალიკაშვილმა 9 კლასი დუისის საჯარო სკოლაში დაამთავრა, რის შემდეგაც სწავლა თბილისში, კოლეჯში გააგრძელა. პედაგოგების ინფორმაციით, ბიჭს მხედველობასთან დაკავშირებული პრობლემები ჰქონდა. მაჩალიკაშვილების ოჯახს პანკისში დადებითად ახასიათებენ. თემირლანის და ნატა მაჩალიკაშვილი დუსის საჯარო სკოლის მანდატურია.
ხეობაში თემირლან მაჩალიკაშვილის დაჭრამ დაძაბულობა გამოიწვია. ადგილობრივები სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მხრიდან „ძალის გადამეტებით გამოყენებას“ აკრიტიკებენ.
წყარო: reginfo.ge