2-06-2019
დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე რაჭას ეწვია. პრემიერმა ვიზიტის ფარგლებში ამბროლაურში წყლის ჩამოსასხმელი და ლორის გადამამუშავებელი საწარმოები დაათვალიერა.
2018 წელს ამბროლაურში სოფლის მეურნეობის სამინისტროს გადამამუშავებელ საწარმოთა თანადაფინანსების პროექტის ფარგლებში საწარმო „რაჭული ლორი“ აშენდა, რომელმაც ტრადიციული გლეხური მეთოდი თანამედროვე წარმოებაში გადაიტანა.
ინვესტიციის ჯამური მოცულობა 350 000 აშშ$ შეადგენს. მათ შორის, სახელმწიფო გრანტი - 40%, შეღავათიანი აგროკრედიტი - 50%, ხოლო კერძო ინვესტიცია - 10%. საწარმოში გაერთიანებულია სხვადასხვა ფუნქციის სივრცეები (სასაკლაო, მაცივრები, საშრობი, შესაბოლი კამერები, ლაბორატორია). პროდუქტი საბოლოო საბაზრო სახეს ადგილზე იღებს. პროდუქციის რეალიზაცია გათვლილია ადგილობრივ ბაზარზე და სამომავლოდ მისი ექსპორტზე გატანაც არის დაგეგმილი. საწარმოში დასაქმებულია 12 ადამიანი.
მტკნარი წყლის კომპანია ,,იწის წყალი“ სახელმწიფო პროგრამის ,,აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში აშენდა და წარმოება 2018 წლის თებერვლიდან დაიწყო. საწარმოს ასაშენებლად 7500 მ2 მიწის ფართობი კომპანიას საჩუქრად გადაეცა (სიმბოლურ ფასად - 1 ლარად). ინვესტიციის საერთო მოცულობა 850 000$ შეადგენს. საწარმო ფლობს ISO სერთიფიკატს. დასაქმებულია 15 ადგილობრივი.
პრემიერთან ერთად საწარმოებში არსებულ სამუშაო პროცესს ადგილზე გაეცნენ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი, საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელი დირექტორი დავით საგანელიძე, მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონული განვითარების სამსახურის უფროსი სოზარ სუბარი, სახელმწიფო რწმუნებული არჩილ ჯაფარიძე და ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები.