2-06-2019
აჭარის მთავრობისა და ბათუმის მერიის მოქმედ და ყოფილ მაღალჩინოსნებს სასამართლომ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.
გადაწყვეტილებას სხდომათა დარბაზში ხმაური მოჰყვა. დაცვის მხარე მოსამართლის პოზიციას არ ეთანხმება. გავრცელებული ინფორმაციით, დაკავებულთა ადვოკატები მიღებულ გადაწყვეტილებას სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებენ.
სასამართლო აღკვეთის ღონისძიების შესახებ 7 საათის განმავლობაში მსჯელობდა.
ბრალდების მხარემ დაკავებულთათვის პატიმრობის შეფარდება მოითხოვა, ხოლო დაცვის მხარის მოთხოვნა გირაოს შეფარდების თაობაზე სასამართლომ არ დააკმაყოფილა.
აჭარის მთავრობისა და ბათუმის მერიის მაღალჩინოსნებს სასამართლო მილიონ-ნახევარი ლარის გაფლანგვასა და სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას ედავება.
გიგა ლომაძის ადვოკატის თქმით, დაკავებულთათვის წინასწარი პატიმრობის შეფარდების საფუძველი არ არსებობდა.
"არ იყო საფუძველი, რომ განაჩენად პატიმრობა გამოტანილიყო. დაცვის მხარის მიერ იყო წარმოდგენილი საკმარისი მტკიცებულებები. სამი საათი თანხმდებოდნენ გადაწყვეტილების მიღებაზე და ეს ყველაფერი ხელოვნურს უფრო ჰგავდა", - განაცხადა დავით ჩავლეიშვილმა.
"გავასაჩივრებთ, რადგან მიგვაჩნია, რომ სასამართლომ არაობიექტური გადაწყვეტილება მიიღო", - განაცხადა ადვოკატმა სიმონ ასათიანმა.
მისივე განმარტებით, ბრალდების მხარის მიერ მოტანილი არცერთი მტკიცებულება დასაბუთებული არ ყოფილა.
რაც შეეხება პროკურორის პოზიციას, რამაზ შავაძის თქმით, ბრალდების მხარის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა. ამჟამად გამოძიება კვლავ მიმდინარეობს და შეიძლება დამატებით გამოვლინდეს დანაშაულში მონაწილე სხვა პირებიც.