2-06-2019
საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე ონის რაიონის სოფელ ზუდალის მოსახლეობას შეხვდა.
მთავრობის მეთაური ადგილობრივი მცხოვრებლების საჭიროებებს გაეცნო და მიმდინარე და დაგეგმილი პროექტების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.
პრემიერმა ისაუბრა ტურისტების რაოდენობის ზრდის ტენდენციაზე და შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწყობის აუცილებლობაზე. როგორც მამუკა ბახტაძენ აღნიშნა, ტურისტების ზრდას მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ონის მხარეთმცოდნეობის ახალი მუზეუმი, რომელიც საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით აშენდება.
ონის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი 1984 წელს გაიხსნა, თუმცა 1991 წლის ძლიერმა მიწისძვრამ დააზიანა და მასში დაცული ექსპონატების მდიდარი კოლექცია დღემდე ავარიულ შენობაშია მოთავსებული.
პრემიერ-მინისტრმა ასევე ხაზი გაუსვა ონი-ზემო იმერეთის გზის მნიშვნელობას და აღნიშნა, რომ ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარებას დიდი მნიშვნელობა აქვს ქვეყნის რეგიონის მდგრადი ეკონომიკური განვითარებისა და სიღარიბის დასაძლევად, რადგან ტურიზმიდან მიღებული სარგებლის ყველაზე დიდი წილი სწორედ რეგიონში რჩება.
პრემიერ-მინისტრის თქმით, ახალი პროექტების განხორციელებით რეგიონს და მის მოსახლეობას ახალი შესაძლებლობები უჩნდება, რაც არა მხოლოდ რეგიონის მცხოვრებლების ადგილზე დამაგრებას, არამედ მათ დაბრუნებასაც კი შეუწყობს ხელს.