8-06-2019
რამდენიმესაათიანი ძლიერი წვიმის შედეგად ხარაგაულის მდინარეები ჩხერიმელა და ლეღვნულა ადიდდა.
ყველაზე მეტად სტიქიის შედეგად სოფლების- ლეღვანის და დიდვაკის მოსახლეობა დაზარალდა.
დაზიანებულია ინფრასტრუქტურა, ხიდები და გზები, დახოცილია შინაური ცხოველებიც.
როგორც ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარემ, ვალერი ჭიპაშვილმა განაცხადა, სოფელი ლეღვანი საერთოდ მოწყვეტილია გარესამყაროს.
„მოსული უხვი ნალექის შედეგად დაზიანდა ინფრასტრუქტურა, დაგრეულია გზები, წყალმა წაიღო ხიდბოგირები რამდენიმე სოფელში. განსაკუთრებული ზიანი მიადგა სოფელ დიდვაკეს და სოფელ ლეღვანს. ადიდებულმა მდინარე ლეღვნულამ დააზიანა სოფელ ლეღვანში შესასვლელი ცენტრალური გზა, რის გამოც სოფელი პრაქტიკულად მოწყვეტილია გარესამყაროს. წყალმა წაიღო შინაური ფრინველები, ცხოველები, რამდენიმე შემთხვევაში ავტომანქანაც კი"- განაცხადა ვალერი ჭიპაშვილმა.
მისივე თქმით, ამ დროისათვის მიმდინარეობს ზარალის აღწერა და ჯერ ზუსტი რაოდენობა უცნობია.