8-06-2019
ვიცე-პრემიერმა, მაია ცქიტიშვილმა რაჭაში ადგილობრივებს გააცნო გადაწყვეტილება მხარეთმცოდნეობის ახალი მუზეუმის მშენებლობის შესახებ.
ონის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი წინა საუკუნის 80-იან წლებში გაიხსნა, მაგრამ შენობა 1991 წლის ძლიერმა მიწისძვრამ დააზიანა.
„ქვის და ბრინჯაოს ხანის 14 ათასზე მეტი უნიკალური ექსპონატია აქ განთავსებული. ამიტომ, ერთობლივად, ადგილობრივ მუნიციპალიტეტთან, ეროვნულ მუზეუმთან და ონის მუზეუმის ადმინისტრაციასთან ერთად გადავწყვიტეთ, რომ ასეთ ძვირფას კოლექციას აუცილებლად სჭირდება ისეთი სივრცე, რომელიც ამ ექსპონატებს საუკეთესოდ წარმოაჩენს და დამთვალიერებელიც კომფორტულად იგრძნობს თავს,“ - აღნიშნა მაია ცქიტიშვილმა
რეგიონული განვითარების სამინისტროს ცნობით, ახალ, ორსართულიან მუზეუმში განთავსდება საკონფერენციო დარბაზი, ფონდსაცავი, ბიბლიოთეკა, მედიათეკა და ბავშვთა საგანმანათლებლო სივრცე, შენობა ადაპტირებული იქნება შშმ პირთათვის, მოეწყობა მუზეუმის მიმდებარე ტერიტორიაც.
პროექტი საქართველოს მთავრობის დაფინანსებით განხორციელდება და მისი სავარაუდო ღირებულება 5,5 მილიონ ლარზე მეტი იქნება.