9-06-2019
სენაკის ცენტრალურ მოედანზე საქართველოს ქორეოგრაფთა კავშირის სენაკის ორგანიზაციის თაოსნობით, სენაკის მუნიციპალიტეტის მერიისა და საქართველოს ქორეოგრაფთა კავშირის მხარდაჭერით, საქართველოს ხალხური ცეკვის სახელმწიფო დამსახურებული აკადემიური ანსამბლის ოქროს ხანის მოცეკვავის, ღირსებისა და ბრწყინვალების ორდენების კავალერის, საქართველოს დამსახურებული არტისტის, სენაკის საპატიო მოქალაქის, შალვა (ჯამუ) გარუჩავას სახელობის ქართული ხალხური ცეკვის ფესტივალ–კონკურსი ,,კუჩხიბედინერი – 2019“ გაიმართა.
წელს ფესტივალს, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს ქალაქ ფოთის, მარტვილის, ხობისა და სენაკის საბავშვო ქორეოგრაფიულმა ანსამბლებმა, საიუბილეო თარიღი აქვს, ის მეხუთედ ჩატარდა და შალვა (ჯამუ) გარუჩავას დაბადებიდან 90 წლოვან იუბილეს მიეძღვნა.
,,კუჩხიბედინერი 2019-ს“ , რომელიც საზეიმო მსვლელობით დაიწყო, სენაკის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე გრიგოლ ბაღათურია, მერის მოადგილე კახაბერ კუპრეიშვილი, განათლების, კულტურის, ახალგაზრდობისა და სპორტის სამსახურის უფროსი გივი მისაბიშვილი, ადგილობრივი თვითმმართველობისა და საზოგადოების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
საინტერესო და სანახაობრივად მრავალფეროვანი ფესტივალ-კონკურსის კომპეტენტური ჟიურის გადაწყვეტილებით, რომლის შემადგენლობაში შედიოდნენ - ჟიურის თავმჯდომარე: საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე, ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი, ,,ღირსების მედლისა“ და ,,ღირსების ორდენის“ კავალერი, ,,ქართული კულტურის ამაგდარი“-ს, ,,საქართველოს ქორეოგრაფიის ბრწყინვალების ორდენისა“ და ,,რაინდის ორდენის“ მფლობელი, მსოფლიო ფესტივალების მრავალგზის ლაურეატი, საქართველოს ქორეოგრაფთა კავშირის თავმჯდომარე, პროფესორი რეზო ჭანიშვილი; საქართველოს ხალხური ცეკვის სახელმწიფო დამსახურებული აკადემიური ანსამბლის ოქროს თაობის მოცეკვავე, ღირსებისა და ბრწყინვალების ორდენების კავალერი, საქართველოს დამსახურებული არტისტი, შალვა (ჯამუ) გარუჩავა; საქართველოს ბავშვთა ქორეოგრაფიული ხელოვნების ფესტივალ-კონკურსების ორგანიზაცია ,,იმედის“ დირექტორი, პრესტიჟული და მასშტაბური ფესტივალ-კონკურსის - ლეგენდარული სუხიშვილების სახელობის ცეკვის საერთაშორისო კონკურსის ხელმძღვანელი, ღირსების ორდენის კავალერი ნუნუ შათირიშვილი; ისრაელში, ქალაქ ბერშევას მერიასთან არსებულ ქორეოგრაფიულ ანსამბლ ,,შალვას“ სამხატვრო ხელმძღვანელი, წლების მანძილზე ჩვენს ქალაქში მოღვაწე ქორეოგრაფის, შალვა ეფრემაშვილის ვაჟი, ორი ერის - ქართველთა და ებრაელთა ღირსეული შვილი, რომელიც დღეს, ისრაელში, ქართული ცეკვის ფენომენის პოპულარიზაციას ემსახურება - დავით ეფრემაშვილი, -,,კუჩხიბედინერი 2019-ის“ გრან-პრის მფლობელი მარტვილის მუნიციპალიტეტის კულტურისა და ახალგაზრდობის განვითარების ცენტრთან არსებული ქორეოგრაფიული ანსამბლი ,,კოლხიდა“ (სამხატვრო ხელმძღვანელი პაატა ბართია) გახდა. ფესტივალ კონკურსის საპრიზო ადგილები ასე გადანაწილდა: პირველი ადგილი წილად ხვდა ჯანო ბაგრატიონის სახელობის ფოთის ქორეოგრაფიულ ანსამბლს ,,ლაზიკა“ (სამხატვრო ხელმძღვანელი გიგლა თურქია), მეორე ადგილი - აბაშის მუნიციპალიტეტის კულტურის და ხელოვნების განვითარების ცენტრთან არსებულ ქორეოგრაფიულ ანსამბლს ,,ანანური“ (სამხატვრო ხელმძღვანელი ელისო გაბელაია), მესამე ადგილი - სენაკის მუნიციპალიტეტის თემურ ბოკუჩავას სახელობის აფხაზეთის მეშვიდე საჯარო სკოლასთან არსებულ ბავშვთა ქორეოგრაფიულ ანსამბლს ,,ოცნება” (ქორეოგრაფი ჯამბულ ქარდავა).
ქართული ცეკვის ტრადიციული დღესასწაული სენაკში, რომლის მასშტაბი ყოველწლიურად იზრდება და ქართული ქორეოგრაფიული ხელოვნების განვითარებას ემსახურება, მონაწილეებსა და გულშემტკივრებს 2020 წლამდე დაემშვიდობა.