13-06-2019
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოს თავდაცვის ძალების სამხედრო მოსამსახურე, კაპრალი მამუკა ხარაზიშვილი გარდაიცვალა.
უწყების ცნობით, ის სახმელეთო ჯარების აღმოსავლეთ სარდლობის მე-4 მექანიზებული ბრიგადის 44-ე ბატალიონის სამხედრო მოსამსახურე იყო და ვაზიანის პოლიგონზე გეგმურ სწავლებებს გადიოდა.
თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, კაპრალი მამუკა ხარაზიშვილი გამთენიისას შეუძლოდ გახდა, რის შემდეგაც ის მე-4 ბრიგადის ლაზარეთში გადაიყვანეს.
სამწუხაროდ, ლაზარეთში შესვლისას გულის გაჩერება დაფიქსირდა. სამხედრო მოსამსახურეს გულ-ფილტვის რეანიმაცია ჩაუტარდა, თუმცა კაპრალი მამუკა ხარაზიშვილი გარდაიცვალა.
"ამ ეტაპზე მიმდინარეობს შესაბამისი საგამოძიებო პროცედურები და ექსპერტიზა. გამოძიება 116-ე მუხლის I ნაწილით დაიწყო. საქართველოს თავდაცვის სამინისტრო უსამძიმრებს გარდაცვლილის ოჯახის წევრებსა და ახლობლებს", - წერია განცხადებაში.