19-06-2019
ხმაური და კამათი იყო უმაღლესი საბჭოს სხდომაზე, სადაც თორნიკე რიჟვაძის ანგარიშს უკვე 5 საათია, ისმენენ.
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ელგუჯა ბაგრატიონმა რიჟვაძეს გამოსვლა რამდენჯერმე შეაწყვეტინა, რის გამოც ბაგრატიონი რეგლამენტის დარღვევაში უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ დაადანაშაულა და სხდომის დატოვება მოსთხოვა.
ბაგრატიონს სხდომა არ დაუტოვებია, თუმცა შესაძლოა მას ანაზღაურების 5 პროცენტი ჯარიმის სახით ჩამოეჭრას.
„ვთვლი, რომ არ დამირღვევია რეგლამენტი, მაქვს შეკითხვები და უნდა გასცეს პასუხები“, - თქვა ბაგრატიონმა.
უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის დავით გაბაიძის განცხადებით, რეგლამენტი ითვალისწინებს ასეთ შემთხვევებში შესაბამის რეაგირებას.
„რეგლამენტი ითვალისწინებს მისი დარღვევის შემთხვევაში დეპუტატს სანქციები დააკისროს. მან არ გაითვალისწინა სიტყვიერი გაფრთხილებები, ამიტომ მიეცა შენიშვნა, ის ვეღარ დასვამს შეკითხვებს და თუ გააგრძელებს, დატოვებს დარბაზს და მას ჯარიმის სახით დაეკისრება ხელფასის 5 პროცენტის ოდენობა“, - განაცხადა დავით გაბაიძემ.
რიჟვაძის განცხადებით, აჭარაში ამ დროისთვის არ არის არც ერთი შეჩერებული პროექტი. მთავრობის ბრძანებულების თანახმად 50-მდე მეწარმეს გადაუვადდა ვალდებულებები, რის შემდეგაც 35 პროექტი განახლდა, რომლის ღირებულებაც 165 მილიონ დოლარს შეადგენს.
რიჟვაძის თქმით, საქართველოს მთავრობასთან ერთად მუშაობს ბულვარის სარფამდე გაგრძელების პროექტზე. ასევე ისაუბრა ტურიზმის, მთიანი აჭარის განვითარების, განათლებისა და ჯანდაცვის სფეროებში დაგეგმილ სიახლეებზე. განაცხადა, რომ ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფო არ გასხვისდება.
სხდომა გაგრძელდა.
ამ დროისთვის რიჟვაძე შეკითხვებზე პასუხობს.