20-06-2019
„ეს იყო ძალიან კარგი პლატფორმა იმისთვის, რომ ჩვენ ოცზე მეტი ქვეყნის წარმომადგენლებისთვის გვეთქვა იმის თაობაზე, თუ რამდენად მტკივნეული პრობლემაა ოკუპაცია ჩვენი ისტორიული რეგიონების და რამდენად მძიმეა საერთაშორისო სამართლის პრინციპების დარღვევა“,-ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში განაცხადა.
ირაკლი კობახიძე მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეასა და დღეს, პარლამენტის პლენარულ სხდომათა დარბაზში განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა.
„ნამდვილად მნიშვნელოვანია ამ თემაზე განმარტებების მოსმენა საზოგადოებისთვის. მოდით, მივყვეთ ქრონოლოგიურად იმ მოვლენებს, რომელიც ვითარდებოდა ქრონოლოგიურად ამ ასამბლეის გარშემო. თავდაპირველად, შარშან, ამ დროს, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება ამ ასამბლეის სესიის თბილისში, საქართველოში ჩატარების თაობაზე. ზოგადად, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია საერთაშორისო ფორუმებში მონაწილეობა და საერთაშორისო ფორუმების მასპინძლობა, მათ შორის, საქართველოში. არაერთი ასეთი შესაძლებლობა ჰქონდა ჩვენს დედაქალაქს და ყოველ ჯერზე ჩვენ აქტიურად ვიყენებდით ასეთ ფორმატებს მათ შორის იმისთვის, რომ ფართო საზოგადოებისთვის, საერთაშორისო თანამეგობრობისთვის მიგვეწოდებინა ინფორმაცია ჩვენთვის ყველაზე მტკივნეულ პრობლემებთან დაკავშირებით და ჩვენი ყველაზე მტკივნეული პრობლემა არის ჩვენი ტერიტორიების ოკუპაცია. აქედან გამომდინარე, ჩვენთვის იყო ბუნებრივია, ამ საერთაშორისო ფორუმის მასპინძლობა მნიშვნელოვანი და სწორედ ამისთვის გამოვიყენეთ ჩვენ ეს ფორუმი. თქვენ გაუშვით ეთერში ჩემი გამოსვლის ამონარიდი, რომელიც უკავშირდებოდა სწორედ რუსეთთან ურთიერთობას, ოკუპაციის პრობლემას და ეს იყო ძალიან კარგი პლატფორმა იმისთვის, რომ ჩვენ 20-ზე მეტი ქვეყნის წარმომადგენლებისთვის გვეთქვა იმის თაობაზე, თუ რამდენად მტკივნეული პრობლემაა ოკუპაცია ჩვენი ისტორიული რეგიონების და რამდენად მძიმეა, ზოგადად, საერთაშორისო სამართლის პრინციპების დარღვევა“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.