30-06-2019
გავრცელებული ინფორმაციით, მდინარე ცივში დაღუპული მამა-შვილი ხვიჩა და მარიამ გაბესკირიები არიან.
გარდაცვლილების ცხედრები სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ სახარბედიოში, მდინარე ცივში მაშველებმა დღეს დილით იპოვეს.
სოფლის ადმინისტრაციული სამსახურის წარმომადგენლის, ზაურ ცინაძის თქმით, მამა და 12 წლამდე ასაკის გოგონა საქონლის მოსაძებნად იყვნენ წასულები.
ცინაძე ამბობს, რომ სავარაუდოდ ბავშვი მდინარეში ბანაობდა და მამა სწორედ მის გადარჩენას ცდილობდა.
"როგორც ოჯახის ახლობლებისგან ვიცი, ძროხის მოსაძებნად იყვნენ წასული მანქანით. საღამოს სახლში რომ არ მოვიდნენ, ახლობლებმა დაიწყეს მათი ძებნა. მდინარის ნაპირას იპოვეს ბავშვის ტანსაცმელი და მამის ნივთები - სანთებელა და მობილური ტელეფონი.
ფაქტს თვითმხილველი არავინ ჰყავს. ჩვენი ვარაუდით, ბავშვი მდინარეში ბანაობდა, დინებამ წაიღო და საშველად მამა გადახტა. გოგონა დედასთან ერთად ცხოვრობდა სენაკში, ეს დღეები მამასთან ყოფილა სოფელში", - ამბობს ცინაძე.
ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.