6-07-2019
ახალქალაქში ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზაზე დასაქმებულებმა სამუშაოები განაახლეს. მათ პროტესტი დროებით, კომპანის დაპირების საფუძველზე შეწყვიტეს.
„გუშინ მთავარი ოფისიდან იყვნენ ჩამოსულები და გვითხრეს ანაზღაურებას ყველა მიიღებთ 10 ივლისამდეო. თან ყველა თანამშრომელს, უფროსებსაც ხელი მოგვაწერინეს პირველი აგვისტოდან გათავისუფლებაზე. სხვა კომპანია შემოდის და მერე ახალი ხელშეკრულებები დაიდებაო. ჯერ-ჯერობით ვიმუშავებთ, მაგრამ თუ ხელფასი არ დაირიცხება, ისევ გავაგრძელებთ პროტესტს“, - ამბობს ერთ-ერთი მუშა.
თანამშრომლების განმარტებით, კომპანიის წარმომადგენლები დაპირდნენ, რომ პირველ ეტაპზე, მათ სამი თვის დავალიანება აუნაზღაურდებათ, მეოთხე თვისას კი აგვისტოში მიიღებენ: „დღეს ტექნიკა და ქვის საფქვავი ქარხანაც მუშაობს, მაგრამ სრული ანაზღაურება თუ არ მოხდება, ისევ გავჩერდებით“.
ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის ამ მონაკვეთზე სამუშაოებს ქვეკონტრაქტორი კომპანია შპს „დემირიოლსერვისი“ ახორციელებს. კომპანიის ახალქალაქი–კარწახის უბნის უფროსი მურად ბურაძე ამბობს, რომ თანხის ანაზღაურება მომავალ კვირაში მოხდება.
„განაახლდა სამუშაოები. თავიდანვე ვამბობდი ამას, მაგრამ არავინ მიჯერებდა. სამშაბათს ან ოთხშაბათს მოიტანენ ფულს და აუნაზღაურდებათ. ეს იყო დროებითი მოვლენა, იმიტომ, რომ სხვა კომპანია შემოდის ჩვენს ნაცვლად და იმათ უნდა გადავაბაროთ ყველაფერი. ზოგი, ვისაც შვებულება ჰქონდა, ისინი არ არიან მარტო გამოსულები“.
ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის ახალქალაქის მონაკვეთზე მუშები ხუთი დღის განმავლობაში გაფიცულები იყვნენ. ისინი ამბობენ, რომ თებერვლის შემდეგ ანაზღაურება არ მიუღიათ.