11-07-2019
დღეს, სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის სხდომათა დარბაზში, ფონდ ,,აფხაზინტერკონტის’’ წარმომადგენლები გიორგი ცხვედიანი და მიხეილ ელბაქიძე, პროექტის ,,საქართველოში დაბრუნებული მიგრანტებისთვის ეფექტიანი მხარდაჭერის გარემოს შექმნა სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში’’ ფარგლებში, მერიის ადმინისტრაციულ ერთეულებში საქმიანობის კოორდინაციის განყოფილების უფროსს დალი შონიას და ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლებს შეხვდნენ.
პროექტი, რომელიც საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება, ემიგრაციაში არალეგალურად მყოფი სამშობლოში დაბრუნებული საქართველოს მოქალაქეების წინაშე მდგარი სირთულეების დაძლევასა და საზოგადოებაში ღირსეული რეინტეგრაციისათვის რელევანტური სერვისების შეთავაზებას ისახავს მიზნად. იგი, ასევე, ბენეფიციარების ხელახალი რეინტეგრაციის პროცესისა და მათი მხრიდან საზღვარგარეთ არალეგალურად განმეორებითი წასვლის ალბათობის შემცირების უწყობს ხელს.
პროექტი ითვალისწინებს მწვავე, ქრონიკული, სიცოცხლისთვის საშიში დაავადების მქონე პირთათვის სამედიცინო მომსახურებითა და მედიკამენტებით უზრუნველყოფას; შემოსავლის წყაროების გაჩენისა და თვითდასაქმების ხელშეწყობის მიზნით, საშემოსავლო ბიზნეს პროექტების დაფინანსებას და სსიპ სოციალური მომსახურეობის სააგენტოს სამუშაოს მაძიებელთა პროფესიული მომზადება-გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების პროგრამაში ჩართულობას.
სამიზნე აუდიტორიას წარმოადგენენ სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის მუნიციპალიტეტებში მცხოვრები მიგრანტები, რომლებიც საზღვარგარეთ ერთ წელზე მეტი ვადით არალეგალურად იმყოფებოდნენ, ან საზღვარგარეთ ჰქონდათ განაცხადი თავშესაფრის მიღებაზე, ან სარგებლობდნენ თავშესაფრით და მათი სამშობლოში დაბრუნებიდან ერთი წელი არ არის გასული.