15-07-2019
დღეს მართლმადიდებელი სამყარო ვლაქერნობას ზეიმობს. ყოველი წლის 15 ივლისს, ( ძვ. სტ. — 2 ივლისი ), ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის კვართის შემოსვის მსოფლიო დღეს, ზუგდიდის ვლაქერნის ღვთისმშობლის სახელობის საკათედრო ტაძარში ტარდება წირვა-ლოცვა, ხდება კვართის გადმობრძანება დადიანების სასახლეთა ისტორიულ–არქიტექტურული მუზეუმიდან.
დღესასწაულზე კვართზე სამთხვევად ჩამოდის მთელი მსოფლიოს მართლმადიდებლური მრევლი.
დღეს მათ შორის ზუგდიდიში მოსალოცან იმყოფებოდნენ აფრიკელი მართლმადიდებლები, რომლებმაც ტაძარში “უფალო შეგვიწყალენ” იგალობეს.
ცნობისთვის. ზუგდიდის ისტორიულ მუზეუმში ინახება ერთ-ერთი უძვირფასესი ქრისტიანული რელიკვია – პატიოსანი სამოსელი (კვართი) ყოვლადწმიდისა ღვთისმშობელისა. გადმოცემის მიხედვით, ბიზანტიაში ლეონ დიდის, მაკედონელის (457-474) ზეობისას მეფესთან დაახლოებული პირები, ძმები გალბიუსი და კანდიდი კონსტანტინეპოლიდან პალესტინაში გაემგზავრნენ წმინდა ადგილების მოსალოცად. სახლში სტუმრების ყურადღება ანთებულმა სანთლებმა და საკმევლის სურნელებამ მიიპყრო. კეთილმსახურმა ქალმა ძმებს გაუმხილა, რომ იგი იცავდა ძვირფას სიწმინდეს – ღვთისმშობლის სამოსელს, რომლისგანაც მრავალი სასწაული და კურნება აღესრულებოდა.
ყოვლადწმიდა ქალწულმა მიძინების წინ ერთი თავისი შესამოსელი ამ ტომის კეთილმსახურ ებრაელ ქალწულს აჩუქა და სთხოვა, რომ სიკვდილის წინ, ის სხვისთვის, ქალწულისათვის გადაებარებინა. ასე, თაობიდან თაობას გადაეცემოდა სიწმიდე ამ ოჯახში. ძმებმა ძვირფასი კიდობანი წმიდა სამოსლით კონსტანტინეპოლში გადაასვენეს და საგვარეულო ტაძარში დააბრძანეს, რომელიც წმიდა მოციქულთა პეტრეს და მარკოზის სახელს ატარებდა.
469 წლის 2 ივლისს წმინდა გენადი კონსტანტინეპოლელმა ახალ კიდობანში ჩაბრძანებული სიწმინდე შესაფერისი პატივით გადაასვენა ვლაქერნაში, ზღვის სანაპიროზე, ღვთისმშობლის პატიოსანი სამოსლის კიდობანში ჩააბრძანეს მისი წმიდა ომოფორი და სარტყლის ნაწილი.
დედა ღვთისას პატიოსანი სარტყელი, კვართი და ვლაქერნის ღვთისმშობლის საწაულმოქმედი ხატი სხვა სიწმიდეებთან ერთად ღვთის ნებით საქართველოში მოხვდა.
ისტორიული წყაროები და ზეპირი გადმოცემები სხვადასხვანაირად გადმოგვცემენ ამ სიწმინდეების საქართველოში დავანების ისტორიას. მათ შორის არსებობს ერთი საინტერესო ვარაუდი (ავტორი აწ განსვენებული ცნობილი ფოლკლორისტი და მოღვაწე კალისტრატე სამუშია). სამწუხაროდ, ჩვენთვის უცნობია თუ რა წყაროებს ეყრდნობოდა მკველვარი. ამ ვარაუდის მიხედვით, კონსტანტინეპოლის დაცემის შემდეგ ვლაქერნის ტაძრის სიწმინდები იერუსალიმის ჯვრის ქართველთა მონასტერში მოხვდა. როცა სამეგრელოს მთავარმა ლევან II დადიანმა ჯვრის მონასტერი განაახლა, მან იქვე მოღვაწე ნიკოლოზ ჩოლოყაშვილს შესთავაზა საქართველოში, სამეგრელოში ჩამოსვლა და კორცხელის მონასტრის წინამძღვრობა. კორცხელის მონასტერი ჯვრის მონასტრის მეტოქი გახდა.
ნიკოლოზი სამეგრელოში ჩამოვიდა და 1632-1657 წლებში ხობის მონასტერში მოღვაწეობდა. შინა და გარეშე ომებისაგან დაქსაქსული და ძალ-ღონეგამოცლილი საქართველო ვეღარ პატრონობდა ჯვრის მონასტერს, ამიტომ სრულიად დამაჯერებელია, რომ ნიკოლოზს ჯვრის მონასტერში დაცული სიწმინდეები საქართველოში მოებრძანებინა .
სამეგრელოში დავანებულ სიწმინდეებზე ცნობებს გვაწვდიან რუსი ელჩები – ფედოტ ელჩინი და პავლე ზახარიევი (1640 წ.) არქანჯელო ლამბერტი, ანტიოქიის პატრიარქი მაკარი, პავლე ალეპოელი, ჯუზეპე მარია ძამპი, ალექსი იევლევი და ნიკიფორე ტოლჩანოვი, დონ კრისტეფორე დე კასტელი
პატიოსანი სამოსელი ყოვლადწმინდა ღვთისმშობლისა, სარტყლის ნაწილი და ვლაქერნის ღვთისმშობლის ხატი სამეგრელოს უპირველეს სიწმინდებად ითვლებოდა.
გრიგოლ დადიანმა ხატის შენახვა მიანდო სიმამრს, საქართველოს უკანასკნელ მეფეს გიორგი XII-ს. მისი გარდაცვალების შემდეგ ხატი მიისაკუთრა მისმა ძემ, დავით ბატონიშვილმა და რუსეთში წააბრძანა. ხატის დასაბრუნებლად მთავრის ქვრივმა, ნინო ბაგრატიონმა, ხატი იმპერატორ ალექსანდრე I-ს მიართვა, რათა შემდგომ ეთხოვა კვლავ სამეგრელოში დაბრუნება.
იმპერატორმა ხატი ძვირფასი თვლებით შეამკობინა, ახალი პერანგით შემოსა, კვართისა და სარტყლისათვის საგანგებო მოწერილობით, რომლის თანახმადაც სამთავროში უნდა აეშენებინათ ეკლესია ვლაქერნის ხატის სახელობისა და იქვე დაეარსებინათ ქალაქი გრიგოლიოპოლისის სახელით, განსვენებული მთავრის, გრიგოლის მოსაგონებლად. ტაძრის აშენება თავს იდო გრიგოლ დადიანის მეკვიდრემ მთავარმა ლევან V დადიანმა, რომლის მშენებლობა დამთავრდა 1830 წელს, მარტვილის ეკლესიაში დაბრძანებული ვლაქერნის ღვთიმშობლის ხატი ზუგდიდში გადმოაბრძანეს.
ვლაქერნის ღვთისმშობლის სახელობის ტაძარი კი სამთავროს კარის ეკლესია გახდა.
1990 წელს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია II-ის ლოცვა-კურთხევით ტაძარში მსახურება განახლდა.
ვიდეო სოციალურ ქსელში, სამეგრელო-ზემო სვანეთის რწმუნებულის საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელმა პაატა ლაგვილავამ გაავრცელა.