გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

სიღნაღის მუზეუმში „ვალერიან სიდამონ-ერისთავი 130“ გაიხსნება

15-07-2019

საქართველოს ეროვნული მუზეუმი წარმოგიდგენთ ვალერიან სიდამონ-ერისთავის საიუბილეო-რეტროსპექტულ გამოფენას „ვალერიან სიდამონ-ერისთავი 130“ სიღნაღის მუზეუმში.

ვალერიან სიდამონ-ერისთავი XX საუკუნის ქართული მხატვრობის ერთ-ერთი გამორჩეული ფიგურაა. მნიშვნელოვანია მისი როლი კინომხატვრობასა და თეატრის მხატვრობის სკოლის ჩამოყალიბებაში.

მისი შემოქმედება მოიცავს თეატრისა და კინოს მხატვრობის, ასევე, ხატწერის ნიმუშებს; შესრულებული აქვს შუა საუკუნეების ფრესკების ასლები; აფორმებდა მუზეუმის ექსპოზიციებსა და აღლუმებს; შექმნილი აქვს ილუსტრაციები სხვადასხვა სახელმძღვანელოსთვის, მუშაობდა საგაზეთო კარიკატურასა და ავეჯის ესკიზებზე. 
საბჭოთა საქართველოში მისი შემოქმედების თემატიკას რეჟიმის იდეოლოგიური მოთხოვნები განსაზღვრავდა, თუმცა იგი სარკაზმნარევი ირონიით ახერხებდა აესახა თანამედროვეობა. მხატვარი ქმნიდა ქალაქის ურბანულ ხედებს, სოფლის პეიზაჟებს, პორტრეტებს, ნიუს და სურათებს ისტორიულ სიუჟეტებზე. 

სამწუხაროდ, ბევრი სხვა მხატვრის მსგავსად, ვ. სიდამონ ერისთავს საბჭოთა კავშირში, XIX საუკუნის მიწურულის რუსული სკოლის ქართველ მიმბაძველად მიიჩნევდნენ. მისი შემოქმედების ექსპონირებისას ყველაზე აკადემიურ, ტიპიურ ნამუშევრებს ირჩევდნენ, რამაც ხელი შეუწყო მისი მემკვიდრეობის ზედაპირულ გაგებასა და მივიწყებას.

მხატვრის დაბადებიდან 130 წლის იუბილესადმი მიძღვნილ გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება ვ. სიდამონ-ერისთავის ცნობილი და ნაკლებად ცნობილი ფერწერული და გრაფიკული ნამუშევრები, თეატრალური ესკიზები, შარჟები და კარიკატურები. გამოფენაზე ასევე იხილავთ საარქივო კადრებს მხატვრის მიერ გაფორმებული ფილმებიდან - „ჩემი ბებია“ (1929. რეჟ. კოტე მიქაბერიძე), „სინათლე“ (1922. რეჟ. კ. ანდრონიკაშვილი), „გოგი რატიანი“ (1927. რეჟ.: კოტე მარჯანიშვილი). ფილმში „გოგი რატიანი“ სცენოგრაფიასთან ერთად, თვითონ პერსონაჟებია საინტერესო, სადაც მონაწილეობენ ტიციან ტაბიძე და დიმიტრი შევარდნაძე. ერთ-ერთ ეპიზოდში კი თავად სიდამონ-ერისთავი თამაშობს, იგი საკუთარ თავს - ფერწერის მასწავლებელს განასახიერებს. გამოფენაზე კინოკადრებთან ერთად, თეატრის მხატვრობის ამსახველი ვიდეოკოლაჟიც იქნება წარმოდგენილი.