3-01-2018
დიდი ქართველი მწერლისა და საზოგადო მოღვაწის აკაკი წერეთლის რაჭაში მოგზაურობის შესახებ ყველამ იცის. იცის, თუ როგორი სიყვარულით შეეგება მას ეს მხარე. თუმცა, მიუხედავად ამისა, გაზეთმა „ლიტერატურულმა საქართველომ“ 1937 წელს, აკაკის მოგზაურობის ქრონოლოგია გამოაქვეყნა, სადაც საკმაოდ ბევრი უცნობი ფაქტია შესული და რომელიც მკითხველისთვის უდავოდ საინტერესო იქნება:
„სახელგანთქმულმა ქართველმა პოეტმა აკაკი წერეთელმა 1912 წელს რაჭა-ლეჩხუმში იმოგზაურა. ეს მოგზაურობა, რომელიც გაგრძელდა 15 ივლისიდან 1-ელ აგვისტომდე, მოეწყო თბილისში მცხოვრები რაჭველი მუშებისა და მშრომელი ინტელიგენციის თაოსნობით, მათი უშუალო მონაწილეობით. თვით ხალხმა არაჩვეულებრივი სიხარულით მიიღო თავისი საყვარელი პოეტი. რაჭველმა მუშამ იობა ისაკიძემ პოეტს საჩუქრად მიართვა ოქროს კალამი. აკაკიმ მადლობის გამოცხადების შემდეგ თქვა: „ეს ძვირფასი კალამი, რომელიც ძღვნად მომიტანეთ ამტკიცებს ჩემდამი თქვენს სიყვარულს, მაგრამ ეს მე არ მეკუთვნის, ეს იმისია, ვინც ჩემს შემდეგ განაგრძობს ქვეყნის სამსახურსო“.
აკაკი და მისი მეგობრები გაემართნენ რაჭა-ლეჩხუმისკენ. გზაზე ხვდებოდათ უამრავი ხალხი.
უდიდესი აღფრთოვანებით მიეგებნენ დიდებულ მოხუცს სოფელ ჭრებალოში. აქ პოეტმა ჩაატარა ფრიად საინტერესო და შინაარსიანი ლექცია ზეპირსიტყვიერების შეგროვებისა და დაცვის შესახებ.
ლეჩხუმელებმა აკაკის გაუმართეს ნადიმი ციხის ნანგრევებთან, ცაცხვის ქვეშ ხის ქვეშ, სადაც მგოსანს შესანიშნავი სიტყვით მიესალმა მისი მეგობარი, ქართული პრესის მუდმივი თანამშომელი ქაიხოსრო გელოვანი.
ნადიმის დამთავრებისას აკაკის გადასცეს ვერცხლის სურა ვერცხლის წარწერით: „მხცოვან მგოსანს, სასიქადულო მამულიშვილს აკაკის, ნიშნად გულითადი სიყვარულისა. ჭყვიშისის საზოგადოებისგან“.
პოეტმა სურა გულთან მიიკრა და თქვა: „თუმცა ყოველივე ნივთიერი საჩუქარი სუსტი და წარმავალია, მაგრამ ეს, თქვენს მიერ მოძღვნილი საჩუქარი, ჩაინერგება ჩემს გულში თქვენდამი ამოუშლელი სიყვარულითა და თანაგრძნობით“.
იშვიათ საზეიმო მომენტს წარმოადგენდა ლეჩხუმელების მიერ აკაკის მიცილება რაჭის პირველ სოფლამდე და რაჭველების მიერ მისი მიღება, რომელიც ძლიერი სიმღერით, თოფების ხშირი სროლითა და საერთო სამხიარულო ყიჟინით გამოიხატა.
მდ. ასკის ხიდთან აღმართული იყო სატრიუმფო თაღი, სადაც აკაკის სურათის ირგვლივ პურის თავთავებით ეწერა: „რაჭა ფიანდაზად გეშლება“.
ბარაკონში თავმოყრილი დიდძალი ხალხი აღტაცებით ელოდა დიდებული მგოსნის მობრძანებას. პოტი მიიწვიეს განსაკუთრებულად გაკეთებულ ფანჩატურში, რომელიც ლამაზად იყო მორთული ხალიჩებითა და ყვავილებით.
აკაკიმ ყველას მადლობა გადაუხადა და სათითაოდ გადაკოცნა ისინი.
საღამოს სტუმრები გაემართნენ როსტომ ერისთავის შთამომავალის, შამადავლე ერისთავის სახლისკენ. აკაკისათვის ცალკე ოთახი ჰქონდათ მზად.
მეორე დღეს გაიმართა ფერხული ორასი კაცის მონაწილეობით. პოეტზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ფერხულმა. როდესაც შეასრულეს სიმღერა „ჟღელეს ჩამოდგა“, მაშინ განსაკუთრებული ყურადღება მიიპყრო 80 წლის მოხუცმა სორელმა ქალმა, რომლის ხმა ზარივით რეკდა ფერხულის მრავალრიცხოვან მონაწილეებში.
არანაკლები პატივისცემით მიიღეს აკაკი ონში. აქ გამართულ საღამოზე აკაკი და დამსწრენი ძლიერ გააკვირვა ახალგაზრდა ქალიშვილის მარიამ გრიგოლის-ასულ წერეთლის წარმტაცმა სიტყვამ.
მეორე დღეს, დიდ ნადიმზე აკაკი წერეთელმა წარმოსთქვა სიტყვა, რომელშიაც სხვათა შორის განაცხადა:
„ბატონებო! თქვენი მხიარულება მეც გადმომედვა. როგორც თქვენ, მე კიდევ უფრო ვარ აღტაცებული, იმიტომ კი არა რომ , ეს ლიტანიობა, რომელსაც მე აქ ვხედავ, ჩემგანაა გამოწვეული, არა, სულ სხვა მიზეზით. მე ვხედავ, რომ თქვენ უკვე გამოღვიძებული ხართ, არა ხართ კმაყოფილი აწმყოთი და მიისწრაფით მომავლისაკენ, თქვენ სწორ გზას ადგახართ, გინდათ, რომ გყავდეთ წინამძღოლი... ის გმირი, რომელმაც უნდა გაწყვიტოს ჯაჭვი და აუშვას ამირანი, სხვა არის, ის მოგევლინებათ ახალმოდგმისაგან.
მოევლინება საქართველოს მისი შესაფერი გმირი, რომლისაც ღირსი არა ვარ, ხამლი გავხადო ფეხთა მისთა, და თუ მე, მცირე მახარობელს, უბრალო მომაკვდავს ასეთი აღტაცებით მეგებებით, მაშინ რაღა იქნება, როდესაც ნამდვილი გმირი მოგევლინებათ? თქვენ მაშინ მეტი გახარებული იქნებით და მეტი მომზადებული შეხვდებით იმ გმირთა გმირს.
მე მხოლოდ დამრჩენია ერთი: ჩავიკრა გულში თქვენი მოლოდინი, სიყვარული, პატივისცემა და უკანასკნელად სვიმონ მოხუცივით წარმოვსთქვა: „აწ განმიტევეთ მე მონა თქვენი!“.
იმ ხანებში აკაკიმ დაწერა მოზრდილი პოემა „რაჭა-ლეჩხუმი“, რომელშიაც მან შეუდარებელი მხატვრული სახეებით აღწერა „ედემის შესადარი“ კუთხე“-წერს გაზეთი „ლიტერატურული საქართველო“. (სტილი დაცულია)
წყარო: nsp.ge
http://nsp.ge/461-akakis-ratcashi-mogzaurobis-saintereso-da-naklebad-cnobili-detalebi.html