20-07-2019
ასპინძის სოფელ რუსთავში, საფეხმავლო ბილიკზე, ხვრელი გაჩნდა. მიწა დაახლოებით 80 მეტრის სიღრმეზე ჩავარდა. ადგილობრივები ეჭვობენ, რომ ბილიკის ქვეშ შესაძლოა, „მტკვარი ჰესის“ გვირაბი გადიოდეს. ადგილზე კომპანიის თანამშრომლები მუშაობენ.
სოფელ რუსთავიდან 50 მეტრში, სასოფლო-სამეურნეო ნაკვეთებისკენ მიმავალ გზაზე, ადგილობრივებმა ხვრელი 18 ივლისს, საღამოს ნახეს. მიწა 80 მეტრზეა ჩავარდნილი და მათივე ვარაუდით, მის ქვეშ გადის „მტკვარი ჰესის“ გვირაბი, რომელიც კომპანიას სოფელ ზიკილიიდან რუსთავის გავლით გაჰყავს.
„წუხელ ვნახეთ ეს ხვრელი და კომპანიას ჩვენ თვითონ დავურეკეთ. არავისთვის საფრთხე არ შეუქმნია. მოვიდნენ კომპანიის წარმომადგენლები და აკეთებენ რაღაცას. ისე, ამ ჰესის გამო, ჩვენ წყლის პრობლემა შეგვექმნა“, - ამბობს სოფელ რუსთავის მკვიდრი ირაკლი სანდროშვილი.
ადგილი, სადაც ხვრელი გაჩნდა, ამ ეტაპზე „მტკვარი ჰესის“ თანამშრომლებმა შემოღობეს. კომპანიის დირექტორი ამბობს, რომ ორმოში წყალი რომ არ ჩავიდეს, ადგილს გრუნტით ამოავსებენ.
„ახალი მომხდარია ყველაფერი, შესაბამისად, ვიკვლევთ, გეოლოგიურად და გეოდეზიურად. პირველ რიგში უნდა შევავსოთ ეს ღრმული, რომ შიგ წყალი არ ჩავიდეს. როცა გამოვიკვლევთ ამას, შემდეგ უკვე გვეცოდინება, რატომ ჩავარდა მიწა“, - ამბობს „მტკვარი ჰესის“ დირექტორი ალექსანდრე დანელია.
კითხვაზე, არის თუ არა ეს გვირაბისთვის განკუთვნილი ტერიტორია, კომპანიის დირექტორი ამბობს, რომ ზუსტად არ იცის: „დაახლოებით კი, ის ტერიტორიაა, ზუსტად არ ვიცით იმიტომ, რომ გეოდეზიური კვლევა არ გვაქვს. გუშინ ჩამოიშალა ეს ყველაფერი და, შესაბამისად, ჯერ კვლევა არ დაგვიწყია“.