22-07-2019
ნინოწმინდის სოფელ თორიას მოსახლეობა მუნიციპალიტეტის მერიაში შეიკრიბა, მათ მერთან შეხვედრა და სათიბების სარგებლობაში გადაცემა მოითხოვეს. ადგილობრივები ამბობენ, რომ სათიბში მისულებს იქ უცხო პირები დახვდნენ.
ინფორმაციას რადიო „ნორი“ ავრცელებს.
„ეს სათიბები არის ჩვენი, წლებია ვიყენებთ, უცხო პირები არ უნდა შევიდნენ ამ ტერიტორიაზე. ჩვენ სხვა ტერიტორია არ გვაქვს, რომ მოვთიბოთ და პირუტყვი გამოვკვებოთ“, – ამბობენ ნინოწმინდის მერიაში შეკრებილები. მათ, ამავე პრობლემაზე გასულ კვირას აქციაც გამართეს და პოლიციაც გამოიძახეს, მაგრამ სასურველ შედეგს ვერ მიაღწიეს.
ადგილობრივებს, ნინოწმინდის მერი ანივარდ მოსოიანი და მისი პირველი მოადგილე, ალექსანდრე მიქელაძე შეხვდნენ და პრობლემაში გარკვევას დაჰპირდნენ.
„გვეუბნებიან, რომ სათიბებს სხვები ცელავენ. ეს მერიის კონპეტენცია არ არის, რადგან მიწები სახელმწიფოს საკუთრებაა, თუმცა ადგილზე სიტუაციაში გავერკვევით და რეაგირებას ისე მოვახდენთ, შესაბამის უწყებებთან ვიშუამდგომლებთ“,– განუცხადა „სამხრეთის კარიბჭეს“ ალექსანდრე მელიქიძემ.
სოფელ თორიას მოსახლეობის თქმით, სათიბების სარგებლობაში გადაცემას უკვე სამი წელია ითხოვენ. მათ რამდენიმე თვის წინ მიმართეს ნინოწმინდა–ახალქალაქის მაჟორიტარ დეპუტატს ენზელ მკოიანსაც, რომელიც თორიას მოსახლეობას დახმარებას დაჰპირდა, თუმცა ამ დრომდე მის დაპირებას შედეგი არ მოჰყოლია.