28-07-2019
თუშეთში მომხდარი ტრაგედიის ზუსტ მიზეზებზე საუბარი ადგილობრივებს უჭირთ, თუმცა ერთ-ერთი მთავარი ვერსია, რომელიც განიხილება, სატვირთო ავტომანქანის ტექნიკური გაუმართაობაა. ამასთან, ავარიისას გადარჩენილები, ჟურნალისტებთან საუბარს ერიდებიან.
"რამდენჯერმე გასჩერებიათ გზაში მანქანა. ჩემს ბიჭს დეტალებს ვერ ვეკითხები, არ ახსოვს არაფერი. ძალიან განერვიულებულია. არც ის ახსოვს, როგორ გადმოხტა. 17 წლის არის. ექიმებმა მითხრეს, რომ დროებით კითხვები არ დავუსვა, რათა ფსიქოლოგიური ზიანი არ მივაყენო“, - განაცხადა ერთ-ერთი დაშავებულის მამამ, ბიძინა თორღვაიძემ.
სოფელ ზემო ალვანის მაცხოვრებლები კი ყვებიან, რომ მძღოლი ზაურ გიგოიძე „კამაზით“ თუშეთის გზაზე პირველად იმყოფებოდა, რის გამოც ადამიანების წაყვანა არ სურდა. თუმცა, მათ წასვლა მაინც გაწყვიტეს. შემთხვევის ადგილზე მყოფები ავარიის ძირითად მიზეზად მანქანის ტექნიკურად გაუმართაობას და არასწორ მანევრს ასახელებს. მათი თქმით, ფშაველი-აბანო-ომალოს დამაკავშირებელ გზაზე განსაკუთრებული სიფრთხილე და ტრანსპორტის გამართულ მდგომარეობაში ყოფნააა საჭირო. ამასთან, ხშირია ამინდის ცვალებადობა, რაც საფრთხეს უფრო ზრდის.
თუშეთის თემში ახმეტის მუნიციპალიტეტის წარმომადგენელს ლადო კახოიძეს მომხდარის მიზეზების დაკონკრეტება უჭირს,თუმცა განმარტავს, რომ აღნიშნულ გზაზე ხშირია ავარიები და მძღოლებს სიფრთხილისკენ მოუწოდებს.
"ასეთი მანქანით ძირითადად საკვები და სამშენებლო მასალა გადაქვთ. მოსახლეობა მიკროავტობუსებით მოძრაობს თუშეთის მიმართულებით. ამ შემთხვევაშიც პროდუქტი მიჰქონდათ სოფელ ბეღელააში, სადაც დღესასწაული უნდა გამართულიყო. როგორც მითხრეს მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და მანქანა უკანა სვლით რამდენიმე მეტრის სიმაღლიდან გადავარდა“, - განაცხადა ლადო კახოიძემ.
„კამაზის“ მარკის ავტომანქანა, რომელშიც 12 ადამიანი იმყოფებოდა, თუშეთის გზაზე ხევში გადავარდა. 5-მა ადამიანმა გადმოხტომა მოახერხა. ბოლო მონაცემებით, ავარიის შედეგად 5 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის ერთი ოჯახის სამი წევრი - მამა და ორი შვილი. დაღუპულია მძღოლიც. 2 ადამიანი სამძებრო სამუშაოები ამ დრომდე მიმდინარეობს.
შაბალაიძეები და გიგოიძეები თუშეთობის აღსანიშნავად სოფელ ბეღელაში მიდიოდა. მომხდარის გამო სოფელში დაგეგმილი დღესასწაული აღარ ჩატარდება.
მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, გამოძიება სსკ-ს 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
https://www.interpressnews.ge/