28-07-2019
ფშაველი-აბანო-ომალოს გზაზე გუშინ მომხდარი ტრაგედის გამო „თუში მეცხვარის დღე – თუშეთობა“ აღარ გაიმართება. ამის შესახებ ახმეტის მუნიციპალიტეტის მერია განცხადებას ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ სოფელ ომალოში 3 აგვისტოს დაგეგმილი, ტრადიციული სახალხო დღესასწაული გაუქმდა.
„3 აგვისტოს, ახმეტის მუნიციპალიტეტის მერიისა და დაცული ტერიტორიების სააგენტოს ორგანიზებით, თუშეთის სოფელ ომალოში დაგეგმილი იყო ტრადიციული ღონისძიების ჩატარება, მაგრამ გუშინ მომხდარი უმძიმესი ტრაგედიის გამო, ღონისძიება აღარ ჩატარდება. ახმეტის მუნიციპალიტეტის მერია და საკრებულო ღრმა მწუხარებას გამოთქვამენ მომხდარის გამო და სამძიმარს უცხადებენ გარდაცვლილთა ოჯახებს“, – ნათქვამია განცხადებაში.
ტრადიციული სახალხო დღესასწაული მეცხვარის დღე – თუშეთობას ყოველწლიურად სოფელ ომალოში აღნიშნავენ. დღესასწაულზე სხვადასხვა კულტურული და სპორტული ღონისძიება იმართება.
შეგახსენებთ, ფშაველი-აბანო-ომალოს გზაზე გუშინ, 27 ივლისს, „კამაზის“ მარკის ავტომანქანა, რომლითაც 12 ადამიანი მგზავრობდა, ხევში გადავარდა. ავარიის შედეგად გარდაიცვალა 6 ადამიანი, 3 კი დაშავდა. ერთ მოქალაქეს მაშველები ამ დრომდე ეძებენ.
https://www.interpressnews.ge/