30-07-2019
პროკურატურამ 25 წლის კაცთან, რომელიც ნასვამ მდგომარეობაში პოლიციის შენობაში ცივი იარაღით შევარდა და პოლიციელებს შეურაცხყოფას აყენებდა, საპროცესო გააფორმა.
ბრალდებულს პირობითი მსჯავრი და საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომა მიესაჯა.
ბრალდებულსა და პროკურატურას შორის საპროცესო შეთანხმების გაფორმება, დღეს, 30 ივლისს ახალციხის რაიონულ სასამართლოში გადაწყდა.
1994 წელს დაბადებულ კაცს ხუთი წელი პირობითი მსჯავრი და 200 საათი საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა მიესაჯა.
ახალციხეში, თამარაშვილის ქუჩაზე მდებარე საპატრულო პოლიციის მთავარი სამმართველოს შენობაში, ნასვამ მდგომარეობაში მყოფი 25 წლის კაცი ყვირილით შევარდა და სამართალდამცავებს შეურაცხყოფა მიაყენა. მას ხელში დანა ეჭირა. შემთხვევა შვიდ ივნისს, გვიან ღამით მოხდა.
25 წლის კაცი ხულიგნობის ბრალდებით დააკავეს. გამოძიება სსკ–ს 239 მუხლით მიმდინარეობდა.