9-08-2019
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფლების ზემო ქედის, არხილოსკარისა და ქვემო ქედის მოსახლეობას ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები შეხვდნენ და იმ საჭიროებებზე მიიღეს ინფორმაცია, რომლებიც სოფლებში აქვთ.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, სოლომონ პავლიაშვილმა ადგილობრივ მოსახლეობას სოფლის მეურნეობის განვითარების მხარდამჭერ იმ პროგრამებსა და პროექტებზე მიაწოდა დეტალური ინფორმაცია, რომლებსაც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ახორციელებს. მინისტრის მოადგილემ პროექტებით მიღწეულ შედეგებზეც ისაუბრა.
„ადგილობრივმა მოსახლეობამ გაგვაცნო ის საჭიროებები, რაც სოფლებში არსებობს. ჩვენი მხრიდან, ვისაუბრეთ იმ პროგრამებზე, რომლებიც სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის სამინისტროს მხარდაჭერით ხორციელდება. აღსანიშნავია, რომ ბოლო პერიოდში, პროგრამის „დანერგე მომავალი“ ფარგლებში, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში ზეთისხილის, კაკლის, ნუშის ბაღები 399 ჰა-ზე გაშენდა; 9 ერთეული სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა იქნება შეძენილი ამ მიმართულების თანადაფინანსების პროგრამის ფარგლებში. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, შეხვედრაზე გამოკვეთილი პრობლემური საკითხების მოსაგვარებლად საჭირო რესურსი გათვალისწინებული უნდა იყოს მომავალი წლის ბიუჯეტის ფორმირების პროცესში”, - განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, სოლომონ პავლიაშვილმა. მინისტრის მოადგილემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებში გაწევრიანებით, ფერმერებს შეეძლებათ მეტი სარგებლის მიღება მეცხოველეობის განვითარებისა და რძის გადამუშავების კუთხით.
მხარის გუბერნატორმა, ირაკლი ქადაგიშვილმა მოსახლეობას კახეთის რეგიონში განხორციელებულ ინფრასტრუქტურულ პროექტებსა და სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ეფექტიანობაზე ესაუბრა.
სოფელ ზემო ქედში, არხილოსკარსა და ქვემო ქედში გამართულ შეხვედრებზე მოსახლეობამ დაურეგისტრირებელი მიწები და წყალმომარაგება მთავარ პრობლემურ საკითხად დაასახელა. შეხვედრაზე იმსჯელეს დილიჩის ტერიტორიაზე ელექტროენერგიის მიწოდების საკითხის მოგვარებაზეც.
შეხვედრას პარლამენტის წევრები, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერი და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები ესწრებოდნენ.