12-08-2019
სენაკში, პირველი საჯარო სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე, მსოფლიო დონის კალათბურთელის, სენაკის საპატიო მოქალაქის, ზაზა ფაჩულიას ინიციატივით, მისი, სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის და კომპანია „გალფის“ ერთობლივი პროექტის ფარგლებში, ზაზა ფაჩულიას სახელობის საკალათბურთო მოედნის მშენებლობას ჩაეყარა საფუძველი.
საქართველოს მასშტაბით რიგით მესამე საკალათბურთო მოედნის მოწყობის შესახებ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს ხელი იმ ტერიტორიაზე მოეწერა, სადაც დაგეგმილია მისი მშენებლობა.
აქვე, კაფსულის ჩაშვების სიმბოლური ცერემონიალი გაიმართა, რომელსაც სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული ალექსანდრე მოწერელია, საქართველოს პარლამენტის წევრები - სენაკის მაჟორიტარი დეპუტატი ირაკლი ბერაია, მარტვილისა და აბაშის მაჟორიტარი დეპუტატი ოთარ დანელია, სენაკის მუნიციპალიტეტის მერი ლევან კუპრეიშვილი, საკრებულოს თავმჯდომარე კახაბერ რუსია, მერის პირველი მოადგილე გრიგოლ ბაღათურია, მერის მოადგილე კახაბერ კუპრეიშვილი, თვითმმართველობისა და კომპანია ,,გალფის’’ წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
„საკალათბურთო მოედანი, რომელიც მესამე იქნება ჩემი და გალფის თანამშრომლობის განმავლობაში, გაიხსნება სენაკში, ქალაქში, რომელთანაც ძალიან ბევრი ბავშვობის მოგონება მაკავშირებს და ორმაგად სასიხარულოა ჩემთვის’’ - ასე გამოხატა ჩვენმა საამაყო თანაქალაქელმა, განსაკუთრებული სიყვარული და ყურადღება მშობლიური სენაკის მიმართ.
თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საკალათბურთო მოედანი, რომლის მშენებლობაც მალე დაიწყება, უმნიშვნელოვანესი მოვლენა იქნება სენაკში სპორტის ამ სახეობის განვითარების თვალსაზრისით.