16-08-2019
დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები რუსეთის საოკუპაციო ძალების უკანონო ქმედებების ადგილზე გასაცნობად ჩავიდნენ.
სოფელ გუგუტიანთკარში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთეს უცხოელმა დიპლომატებმა.
"მართლაც სამწუხაროა იმის დანახვა, თუ როგორ აღმოჩნდნენ ადგილობრივ მცხოვრებთა ოჯახები სხვადასხვა მხარეს ახალი ბარიერების აღმართვის გამო. შეშფოთებული ვარ არსებული მდგომარეობით. იაპონია აბსოლუტურად ეწინააღმდეგება საქართველოს საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების შეცვლას. იმედი მაქვს, რომ ეს გაურესებული მდგომარეობა უმოკლეს ხანში გამოსწორდება. ოჯახების გახლეჩვა მართლაც რომ სერიოზული პრობლემაა, და მე სრულიად მესმის და თანავუგრძნობ იმ ოჯახებს, რომლებსაც ეს განცალკევება შეეხოთ“ -განაცხადა საქართველოში იაპონიის ელჩმა, ტადაჰარუ უეჰარამ საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ გუგუტიანთკარში.
"ახლახან ჩვენ აღვნიშნეთ სქართველოს წინააღმდეგ რუსული აგრესიის მე-11 წლისთავი. დღეს კი საოკუპაციო ხაზზე ვდგავართ, და სწორედ ამ წუთებში რუეთის აგრესიული ძალები კვლავ განაგრძობენ საქართველოს ოკუპაციას. მინდა ვთქვა, რომ უკრაინელი ხალხი ქართველი ხალხის გვერდით დგას. უკრაინა მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას და რუსეთის ფედერაციისგან მოითხოვს საქართველოდან და უკრაინიდან რუსული საოკუპაციო ძალების გაყვანასა და ასევე 2008 წლის 12 აგვისტოს „ცეცხლის შეწყვეტის შესახებ“ შეთანხმებით გათვალისწინებული ყველა ვალდებულების შესრულებას" - განაცხადა საქართველოში უკრაინის საელჩოს წარმომადგენელმა, ბოგდან პეტროვმა.
საგარეო საქმეთა სამინისტროს ინიციატივით, დიპლომატიური კორპუსი წარმომადგენლები, მინისტრის მოადგილის, ლაშა დარსალიასა და სამინისტროს სხვა ხელმძღვანელ პირებთან ერთად, რუსეთის საოკუპაციო ძალების უკანონო ქმედებების ადგილზე გასაცნობად ჩავიდნენ.