24-08-2019
23 აგვისტოს ქალთა შორის საქართველოს თასის ფინალი გაიმართა. მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის სათადარიგო მოედანზე ერთმანეთს თბილისის „ნიკე” და ლანჩხუთის „ლანჩხუთი” დაუპირისპირდნენ. ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია ავრცელებს.
შეხვედრა ორმხრივი შეტევით წარიმართა და ლანჩხუთელთა გამარჯვებით 2:1 დასრულდა. ანგარიში სწრაფი გოლით, მე-3 წუთზე „ლანჩხუთის” თავდამსხმელმა თამრიკო სალუქვაძემ გახსნა. რევაზ კუკულაძის გუნდმა უპირატესობის გაზრდა მეორე ტაიმში მოახერხა, 65-ე წუთზე გოლი შეცვლაზე შესულმა ნინო გუჯაბიძემ გაიტანა.
„ნიკემ” ბოლომდე იბრძოლა, მატჩის მიწურულს ერთი გოლი გაქვითა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა. 88-ე წუთზე ეფექტური საჯარიმო დარტყმით გატანილი გოლი ლიზი მწყერაშვილის ანგარიშზეა.
ფინალური შეხვედრის დასრულების შემდეგ დაჯილდოების საზეიმო ცერემონია გაიმართა. მატჩის საუკეთესო მოთამაშეს და გუნდებს კუთვნილი ჯილდოები საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა და ვიცეპრეზიდენტმა ალექსანდრე იაშვილმა გადასცეს. საქართველოს თასის ფინალის საუკეთესო მოთამაშე „ლანჩხუთის” თავდამსხმელი თამრიკო სალუქვაძე გახდა.
https://imedinews.ge/ge/sporti/114692/pekhburtshi-qalta-shoris-saqartvelos-tasi-lanchkhutma-moigo