26-08-2019
ევროპისა და ამერიკის ქვეყნებმა ოკუპირებულ აფხაზეთის რეგიონში 2019 წლის 25 აგვისტოს გამართული ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები ერთობლივი განცხადებით დაგმეს და რუსეთის ფედერაციას მოუწოდეს , შეცვალოს/უკან წაიღოს თავისი უკანონო გადაწყვეტილება საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარების შესახებ.
პოლონეთის მხარის ინიციატივით, ევროპისა და ამერიკის თხუთმეტმა სახელმწიფომ ერთობლივი განცხადება გაავრცელა, რომლის ტექსტსაც უცვლელად გთავაზობთ:
„ამერიკის შეერთებული შტატები, ბულგარეთი, დიდი ბრიტანეთი, ესტონეთი, ირლანდია, კანადა, ლატვია, ლიეტუვა, ნორვეგია, პოლონეთი, რუმინეთი, შვედეთი, უკრაინა, ფინეთი, ჩეხეთი არ აღიარებენ საქართველოს აფხაზეთის რეგიონში 2019 წლის 25 აგვისტოს დე-ფაქტო სტრუქტურების მიერ ჩატარებული ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების ლეგიტიმურობას და არ ცნობენ მის შედეგებს. ანალოგიურად, ჩვენ არ ვაღიარებთ საქართველოს ცხინვალის რეგიონში/სამხრეთ ოსეთში 2019 წლის 9 ივნისს გამართული ე.წ. საპარლამენტო არჩევნების ლეგიტიმურობას ან შედეგებს.
ჩვენ კვლავ ვადასტურებთ საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის სრულ პატივისცემას, მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.
ჩვენ კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ რუსეთს, შეასრულოს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრი ყველა ვალდებულება, მათ შორის, გაიყვანოს თავისი ჯარები ომამდე არსებულ პოზიციებზე და უზრუნველყოს ჰუმანიტარული დახმარების თავისუფალი წვდომა ამ რეგიონებში, ასევე შეცვალოს/უკან წაიღოს საქართველოს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რეგიონების დამოუკიდებელ ქვეყნებად აღიარების გადაწყვეტილება “-ნათქვამია განცხადებაში.