გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

ლევან დავითაშვილი აბაშაში მსოფლიოს წამყვან ენტომოლოგებს შეხვდა

26-08-2019

აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის საქართველოს გამოცდილებისა და მიღწეული შედეგების გაცნობის მიზნით, საქართველოს მსოფლიოს წამყვანი ენტომოლოგები სამეცნიერო მისიით სტუმრობენ. მეცნიერებს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი აბაშის მუნიციპალიტეტში განთავსებულ აზიურ ფაროსნასთან ბრძოლის საკოორდინაციო მართვის ცენტრში შეხვდა და მავნებელთან ბრძოლის კუთხით სახელმწიფოს მიერ გატარებული ღონისძიებები გააცნო.

„საქართველომ, აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის კუთხით, დადებით შედეგებს და მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია. ქვეყანას მავნებლის წინააღმდეგ ბრძოლის დიდი გამოცდილება დაუგროვდა. სწორედ ამ გამოცდილებით ინტერესდებიან მსოფლიოს წამყვანი მეცნიერები, რომლებთანაც აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის პირველივე დღეებიდან აქტიურად ვთანამშრომლობთ. მავნებლის წინააღმდეგ ბრძოლის ღონისძიებები წლის ბოლომდე გაგრძელდება. მნიშვნელოვანია, რომ მოსახლეობა, ფერმერები კვლავ აქტიურად იყვნენ ჩართული მიმდინარე პროცესში, რათა გამოზამთრებამდე მოხდეს მავნებლის პოპულაციის მაქსიმალური შემცირება“, - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.

შეხვედრაზე აღინიშნა, აშშ-ის მთავრობის მხარდაჭერის, სახელმწიფოს სწორი პოლიტიკისა და თანმიმდევრული ქმედებების, ტექნიკური შესაძლებლობების გაძლიერებისა და სამეცნიერო წრეების აქტიური ჩართულობის შედეგად, სამ წელიწადში, საქართველომ მავნებელთან ბრძოლის კუთხით ხელშესახებ პოზიტიურ შედეგებს მიაღწია. მავნებლის რაოდენობა მნიშვნელოვნად არის შემცირებული, რაც ხელს უწყობს მოსალოდნელი ეკონომიკური ზარალის თავიდან აცილებას.

როგორც სამეცნიერო მისიის ხელმძღვანელმა, ბილ ლინგრენმა განაცხადა, სახელმწიფოს, კერძო სექტორისა და საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების კოორდინირებული მუშაობით, საქართველომ მავნებელთან ბრძოლის კუთხით მნიშვნელოვან შედეგს მიაღწია. 

„ის შედეგი, რასაც საქართველომ 18 თვეში მიაღწია, წარმოუდგენელია. 2017 წლიდან, მას შემდეგ რაც ღონისძიებების განხორციელება დაიწყო, ქართულმა მხარემ ძალიან მოკლე დროში მოახერხა წარმოუდგენელი მობილიზება. ყველა ინსტრუმენტი და მეთოდი ზედმიწევნით სწორად არის გამოყენებული და დღეს, შედეგები უკვე თვალსაჩინოა. ჩვენ თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ საქართველოს გამოცდილება ამ კუთხით მსოფლიოსთვის სამაგალითოა“, - აღნიშნა ბილ ლინგრენმა. 

შეხვედრის ფარგლებში, მსოფლიოს წამყვანი ენტომოლოგები მართვის ცენტრის მუშაობის პროცესს გაეცნენ და სპეციალიზებული ტექნიკა დაათვალიერეს. 

შეხვედრას საქართველოს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ოთარ დანელია, სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსი ზურად ჩეკურაშვილი, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული ალექსანდრე მოწერელია და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. 

აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მხარდაჭერით, საქართველოში სპეციალური ვიზიტით იმყოფებიან აშშ-ის სამი უნივერსიტეტისა და სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის აგრარული კვლევების სამსახურის, ევროპისა და ავსტრალიის წამყვანი მეცნიერები, რომლებიც დასავლეთ საქართველოში მავნებელთან ბრძოლის ღონისძიებებს და ამ კუთხით არსებულ ვითარებას გურიის, სამეგრელოსა და აჭარის რეგიონებში ადგილზე გაეცნობიან და ფერმერებთან შეხვდებიან. 

სამეცნიერო მისიის ფარგლებში, გაიმართება კონფერენცია, რომელიც კარგი შესაძლებლობა იქნება უცხოელ მეცნიერებს, საქართველოს მთავრობისა და სამეცნიერო წრეების წარმომადგენლებს შორის აქტიური კომუნიკაციის და თანამშრომლობის გაღრმავებისთვის. კონფერენციას დაესწრებიან სპეციალისტები შავი ზღვის რეგიონის ქვეყნებიდან. 

აშშ-ისა და საქართველოს შორის თანამშრომლობა დაიწყო 2018 წელს, ამერიკული მხარის პირველი მისიის დროს, რომლის ორგანიზატორები აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) საქართველოს სოფლის მეურნეობის ეფექტურობის აღდგენის პროგრამა (REAP), საერთაშორისო ორგანიზაცია CNFA და მწერების მონიტორინგის სისტემებისა და ფერომონების მწარმოებელი წამყვანი ამერიკული კომპანია Trécé Inc იყვნენ.