30-08-2019
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის მინისტრი, ტიტე აროშიძე და საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორი, ლევან უჯმაჯურიძე დაბა ქედაში, ადგილობრივ ფერმერებს შეხვდნენ და სოფლის მეურნეობის მიმართულებით სახელმწიფო პროგრამები გააცნეს. ყურადღება გამახვილდა აჭარის რეგიონში არსებულ გამოწვევებსა და მათი გადაჭრის გზებზე.
"სოფლის მეურნეობა მეცნიერული კვლევების და ანალიტიკის გარეშე შეუძლებელია განვითარდეს, ამიტომ ჩვენი დღევანდელი შეხვედრის მიზანი გახლავთ მეცნიერების წარმატებული საქმიანობის გაზიარება და ამ მაგალითებზე სამომავლო აქტივობების განხორციელება. დღეს ფერმერებთან ერთად განვიხილავთ აჭარაში სოფლის მეურნეობაში არსებულ გამოწვევებს. აქ გვესწრება როგორც მეცხოველეობის ფერმერული მეურნეობების, ასევე საოჯახო მარნების წარმომადგენლები, ასეთი ინტერაქტიული რეჟიმის შეხვედრები ორივე მხრისთვის მნიშვნელოვანია", - განაცხადა ტიტე აროშიძემ.
შეხვედრაზე საუბარი შეეხო მეცხოველეობის დარგში არსებულ პრობლემებს, მსხვილფეხა პირუტყვის ძირითად დაავადებებს, ქართული ფუტკრის მეგრული პოპულაციის გენოფონდის შენარჩუნების გზებს, აზური ფაროსანას, თხილისა და ვაზის სხვა მავნებელი დაავადებების წინააღმდეგ ბრძოლის ღონისძიებებს. სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის სპეციალისტებმა ადგილობრივ მოსახლეობას აჭარის რეგიონში მევენახეობა-მეღვინეობის განვითარებისა და რეგიონში სუბტროპიკული კულტურების გავრცელების შესაძლებლობებზე მიაწოდეს ინფორმაცია.
"აჭარა სოფლის მეურნეობის ერთ-ერთი წამყვანი რეგიონია, სადაც ჩაის და სუბტროპიკული კულტურების გარდა სხვა კულტურებიც არის გავრცელებული. სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი სოფლის მეურნეობის სხვადასხვა დარგში მრავალ პროექტს ახორციელებს. ამიტომაც მნიშვნელოვანია ამ პროექტების ფერმერებისთვის გაცნობა და მათი ინფორმირებულობა“, - აღნიშნა ლევან უჯმაჯურიძემ.
ადგილობრივ ფერმერებს დაურიგდათ სოფლის მეურნეობის კულტურების მოვლა-მოყვანის კუთხით მომზადებული თემატური ბროშურები.
ლევან უჯმაჯურიძემ ა/რ სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენლებს გადასცა საქართველოში მსხვილფეხა პირუტყვის ძირითადი დაავადებათა გავრცელების რუკა და სავეტერინარო პარაზიტოლოგიურ ტერმინთა ლექსიკონი, რომელიც ცენტრის ვეტერინარიის კვლევის სამსახურის მიერ ჩატარებული კვლევების საფუძველზეა შემუშავებული.
ღონისძიების ფარგლებში, გაიმართა სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ჯიღუარას და წილკნის საცდელ-სადმონსტრაციო ბაზებზე წარმოებული პროდუქციის გამოფენა და იშვიათი ვაზის ჯიშებისგან დაყენებული ღვინოების დეგუსტაცია.