გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

მამუკა ბახტაძე: ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები თითოეული ადამიანი უნდა გრძნობდეს, რომ საქართველო მათზე ზრუნავს

2-09-2019

თითოეული ადამიანი, რომელიც ცხოვრობს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, უნდა გრძნობდეს, რომ საქართველო მათზე ზრუნავს და რომ საქართველოს თითოეული წარმატება მათი წარმატებაა, მათი ტკივილი კი, ჩვენი საერთო ტკივილია, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე სოციალურ ქსელ ფეისბუქზე გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნავს.

მამუკა ბახტაძის განცხადებით, დღეს საქართველოს აქვს უპრეცედენტო მხარდაჭერა საერთაშორისო პოლიტიკაში, რასაც ცხადყოფს ბოლო დღეებში განვითარებული მოვლენებიც.

„ბრძოლა რუსულ ოკუპაციასთან არის ძალიან მძიმე და ჩვენგან მოითხოვს მაქსიმალურ პრინციპულობასა და თანმიმდევრულობას. ჩვენი უმთავრესი ამოცანაა, არსებული ჰუმანიტარული კატასტროფა შევაჩეროთ ოკუპირებულ ტერიტორიებზე, რადგან იქ ცხოვრობენ ჩვენი მოქალაქეები და ჩვენ გვაქვს ვალდებულებები მათ წინაშე. სწორედ ამ მიზნის მიღწევას ემსახურება ჩვენ მიერ შექმნილი სამშვიდობო ინიციატივა − „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“. სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ამოცანაა, რომ საერთაშორისო თანამეგობრობის მხარდაჭერით შევძლოთ ამ ინიციატივის სრულფასოვანი დანერგვა ოკუპირებულ ტერიტორიებზე და საოკუპაციო ხაზთან მცხოვრები ჩვენი მოქალაქეების საკეთილდღეოდ“, - აცხადებს მამუკა ბახტაძე.

მისი თქმით, გრძელდება ყველა საერთაშორისო ფორმატის გამოყენება ოკუპაციის შესაჩერებლად და მშვიდობიანი გზით დეოკუპაციის პროცესის დასაწყებად. 

„ამაზე მეტყველებს - ევროკავშირის მხარდამჭერი დეკლარაციები და ევროპარლამენტის რეზოლუცია; გაეროს გენერალური ასამბლეისა და ადამიანის უფლებათა საბჭოს ფარგლებში მიღებული რეზოლუციები, ასევე დისკუსიები უშიშროების საბჭოს ფორმატში; ნატოს სამიტისა და მინისტერიალების დეკლარაციები, ევროპის საბჭოს მინისტერიალების გადაწყვეტილებები“, - აცხადებს მამუკა ბახტაძე.

მისი თქმით, გაეროში შარშან მან გააჟღერა და საერთაშორისო საზოგადოებას შესთავაზა „თბილისის მშვიდობის ფორუმის“ ჩატარება.

„მნიშვნელოვანია, მეტიც, აუცილებელია, სწორედ ჩვენ ავიღოთ ხელში ინიციატივა და საქართველო გავხადოთ ახალი პოლიტიკური დღის წესრიგის ლიდერი, რომ შავი ზღვის რეგიონი და სამხრეთ კავკასია, რომელიც დღეს დაპირისპირებისა და გამოწვევების არეალია, გადაიქცეს მშვიდობის, თანამშრომლობისა და განვითარების სივრცედ“, - აცხადებს მამუკა ბახტაძე.



პრემიერ-მინისტრი მეზობელ ქვეყნებთან ურთიერთობებზეც ამახვილებს ყურადღებას და აღნიშნავს, რომ სტრატეგიული თანამშრომლობის განვითარების მიზნით, გააქტიურდა ურთიერთობა თურქეთსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკასთან, როგორც ორმხრივ, ასევე მრავალმხრივ ფორმატში.



„აქტიურად ვითარდება ურთიერთობები სომხეთის რესპუბლიკასთან ყველა მიმართულებით.

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ვახორციელებთ რეგიონული მნიშვნელობის პროექტებს ჩვენს მეზობელ ქვეყნებთან და ამ მიდგომაში არ უნდა იყოს წყვეტა. ჩვენს მეზობელ ქვეყნებთან ურთიერთობისას, ყოველთვის უნდა იდგეს დღის წესრიგში ახალი რეგიონული პროექტების განვითარება, რომელიც კიდევ უფრო მეტ მიმზიდველობას მიანიჭებს ჩვენს რეგიონს და გახდის უსაფრთხოს“, - აცხადებს მამუკა ბახტაძე.