13-11-2017
თვითმმართველი თემის ბორჯომის მერი "ქართული ოცნების" კანდიდატი ლევან ლიპარტია იქნება.
ცესკოს წინასწარი მონაცემებით, არჩევნების მეორე ტურში, ლევან ლიპარტიამ 55.22% (7615 ხმა), მისმა კონკურენტმა, "პატრიოტთა ალიანსის" კანდიდატმა ზაზა ჩაჩანიძემ კი 44.78% (6176 ხმა) მიიღო. ლიპარტიამ ჩაჩანიძეს 1439 ხმით აჯობა.
მეორე ტურში, ბორჯომში, 30 საარჩევნო უბანი იყო გახსნილი. ცესკოს მონაცემებით, ბორჯომში, მეორე ტურში ამომრჩეველთა 52,89%–მა მიიღო მონაწილეობა.
ბორჯომის საოლქო კომისიაში, 12 ნოემბერს 12 საჩივარი შევიდა.
12 ნოემბერს მეორე ტური თვითმმართველ ქალაქ ქუთაისსა და ხუთ თვითმმართველ თემში გაიმართა. ცესკოს ცნობით, "არჩევნების მეორე ტურში როგორც კენჭისყრის, ისე ხმის დათვლის პროცედურებმა კანონმდებლობის შესაბამისად, ყველასათვის ხელმისაწვდომ, მშვიდ გარემოში ჩაიარა. დამკვირვებლებსა და საარჩევნო სუბიექტების უფლებამოსილ წარმომადგენლებს შესაძლებლობა ჰქონდათ თავისუფლად დაკვირვებოდნენ ხმის დათვლის პროცედურებს".
ცესკოს ინფორმაციით, კენჭისყრის დღეს ძირითადად დაფიქსირდა საჩივრები მცირე პროცედურული ხარვეზების შესახებ და მათი ნაწილი უბნებზევე აღმოიფხვრა. საოლქო საარჩევნო კომისიებში 12 ნოემბრის მონაცემებით, 29 საჩივარია შესული, აქედან ყველაზე მეტი - 12 დაფიქსირდა ბორჯომში, ოზურგეთში - 11, ქუთაისში - 4, ხაშურსა და მარტვილში თითო-თითო, ხოლო ყაზბეგის საარჩევნო ოლქში საჩივარი არ შესულა.
ცესკოს ცნობით, მეორე ტურში მონაწილეობა მიიღო 109 119 ამომრჩეველმა, რაც ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის 33.24 %-ს შეადგენს.
ამომრჩეველთა აქტივობა საარჩევნო ოლქების მიხედვით შემდეგია:
ყაზბეგი - 52.95%
ხაშური - 34.66%
ბორჯომი - 52.89%
ქუთაისი - 17.98%
ოზურგეთი - 56.7%
მარტვილი - 38.49%
რაც შეეხება სტატისტიკურ მონაცემებს გენდერულ ჭრილში, წინასწარი მონაცემებით, ექვსივე საარჩევნო ოლქში არჩევნებში მონაწილეთა 50.28% ქალი, ხოლო 49.72% კაცი იყო.
წყარო: "სამხრეთის კარიბჭე"