5-09-2019
კურორტ ,,საირმეს" ადმინისტრაცია კომპანია ,,შარას" ფინანსური ზარალის ანზღაურებას სთხოვს. ამის თაობაზე, გორის მაჟორიტარი დეპუტატის, იოსებ მაკრახიძის საოჯახო კომპანიას სასამართლოში უჩივლეს.
მოსარჩელის განმარტებით, ,,საირმესთან" მისასვლელი გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებისას, ადგილი ჰქონდა ქვათაცვენას. ამის გამო, საკურორტო სეზონზე, ,,საირმეში" ტურისტებმა დაჯავშნული ნომრები გააუქმეს, ,,საირმემ" კი შემოსავლები დაკარგა.
,,თვითონაც არ იციან, რას ჩივიან. ვერ ამტკიცებენ, რომ სასტუმროში, გზის გამო, ტურისტები არ
მივიდნენ. ჩვენ იქ საშვილიშვილო საქმე გავაკეთეთ. საგზაო დეპარტამენტის დაკვეთით, ინფრასტრუქტურა მოვაწყეთ. ჩვენი ბრალი არ ყოფილა, თუ მათ სეზონი ჩაუვარდათ" - აცხადებს კომპანია ,,შარას" დირექტორი ამირან მშვენიერაძე.
თუ რა რაოდენობის თანხა დაკარგა კურორტმა, კურორტ ,,საირმეს" ადმინისტრაციას დავუკავშირდით, სადაც გვითხრეს, რომ სასტუმროს მეპატრონესთან კონსულტაციების გავლის შემდეგ, დაგვიკავშირდებიან.
კურორტი "საირმე" მდებარეობს სუბტროპიკული სარტყლის მთიან ზონაში, ქუთაისის სამხრეთით ზღვის დონიდან 950 მ-ზე და ადმინისტრაციულად ბაღდათის რეგიონს ეკუთვნის. მწვანე საფარი შეადგენს 60 ჰექტარს და არის ერთადერთი კურორტი, სადაც 4 სხვადასხვა სამკურნალო თვისების და 1 თერმული წყარო ამოედინება და მრავალი დაავადების განკურნებაა შესაძლებელი. კომპლექსში წარმოდგენილია 3 სასტუმრო, 342 ნომერით, სადაც 1000-მდე ადამიანის განთავსების შესაძლებლობაა ერთდროულად. აგრეთვე საირმის ლანდშაფტის მოდერნიზებაც განხორციელდა: ჩატარდა მნიშვნელოვანი სამუშაოები სარეკრეაციო და საკვები ობიექტების მოსაწყობად.
შპს „შარაში” დეპუტატ მაკრახიძის შვილი, ოფელია მაკრახიძე ფლობს 33% წილს. იოსებ მაკრახიძის გორის მაჟორიტარობის კანდიდატად დასახელებიდან 2019 წლის მაისის ჩათვლით, „შარა”-მ 26 სახელმწიფო შესყიდვიდან 16 მილიონ ლარამდე მიიღო, მათ შორის 3 236 363 მილიონი გორის, ქარელის და ბორჯომის მუნიციპალიტეტების 8 შესყიდვიდან, რომლებშიც „შარა” ტენდერების ერთადერთი მონაწილე იყო.