7-09-2019
ტანას ხეობაში, სოფელ ბობნევში გახსნილი ,,საზაფხული ბანაკი“ 10-მდე ბავშვმა, გაუსაძლისი პირობების გამო ჩასვლიდან მეორე დღესვე დატოვა.
როგორც qartli.ge-ს მოზარდების მშებლებმა უთრეს, ბანაკში მათ შვილებს სათანადო პირობები არ დახვდათ.
„ბავშვები რომ მივიყვანეთ კარავიდან წყალი ჩამოდიოდა, ატალახებული იყო მთელი კარავი. რკინის საწოლები ედგათ და ისეთი თხელი ადიელი იყო და ლეიბი, რომ შეუძლებელია მოზარდმა ღამე იქ გაათენოს და
არ გაცივდეს,“-გვითხრა ერთ-ერთმ მშობელმა.
გარდა ამისა, ბანაკიდან წამოსულების მშობლები გვეუბნებიან, რომ იყო კვების პრობლემაც.
„მხოლოდ წიწიბურა და ფაფა ჰქონდათ. შეუძლებელია ასეთ ჰაერზე, ბავშვები ასეთ მცირე ულუფას დასჯერდნენ. ჩემმა შვილმა მხოლოდ ერთი დღე გაძლო და დამირეკა, წამიყვანე, მე აქ გამჩერებელი არ ვარო.“
გორის მერიაში ამბობენ, რომ ბანაკი მხოლოდ ორმა მოზარდმა დატოვა. კონსტანტინე თავზარაშვილის უწყებაში ამას სხვა მიზეზებით ხსნიან.
„გარემოს ვერ შეგუა ორი მცირეწლოვანი და ამიტომ დატოვეს ბანაკი. პირობებთან დაკავშირებით შენიშვნები არავის გამოუთქვამს,“-აცხადებენ პრესსამსახურში.
თავზარაშვილის უწყებამ დღეს „საზაფხულო ბანაკი 2019“ დახურულად გამოაცხადა. როგორც მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი,
ბანაკი სოციალურად დაუცველი, მრავალშვილიანი, დევნილი ოჯახებისა და ოკუპირებული ტერიტორიების მოსაზღვრე სოფლებში მცხოვრები მოზარდებისთვის იყო განკუთვნილი.
ბანაკი აგვისტოში გაიხსნა და დღემდე 250 ბავშვს ხუთ ნაკადად უმასპინძლა.
,,ბანაკში მოზარდებმა საველე პირობებში ლაშქრობებით, სპორტული, კულტურული და შემეცნებითი ღონისძიებებით დატვირთული ერთი კვირა გაატარეს. მერია ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ჩვენს მომავალ თაობას განვითარებისთვის ჯანსაღი პირობები ჰქონდეს შექმნილი,“-აცხადებს გორის მერის მოადგილე პაატა ივანიშვილი.
ბანაკი გორის მუნიციპალიტეტის მერიისა და ასოციაცია „ტონთიოს“ თანადაფინანსებით გაიხსნა, რისთვისაც ადგილობრივი ბიუჯეტიდან 31 550 ლარი გაიხარჯა.