7-09-2019
აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ოთარ დანელიამ საპარლამენტო უმრავლესობასთან შეხვედრაზე პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს ორი შეკითხვით მიმართა - ქვეყანაში მიწის რეფორმასთან და ანაკლიის პორტთან დაკავშირებით.
„მოგეხსენებათ, ჩვენ მივიღეთ კანონი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ. ეს გახლავს ორგანული კანონი და რომელიც გახლავს კონსტიტუციის შემდეგ ყველაზე მაღალი ლეგიტიმაციის, ვინაიდან ხმათა ორი მესამედი სჭირდებოდა. ეს არის ფუნდამენტი, თუმცა ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, ჩვენ ძალიან ქმედითად, სწრაფად უზრუნველვყოთ ყველა იმ პრობლემის მოგვარება, რომელიც მათ შორის, ჩვენს საველე შეხვედრებისას მოსახლეობისთვის საკმაოდ დიდ პრობლემას წარმოადგენს. ეს არის მიწების რეგისტრაცია, და ზოგადად მიწის რეფორმა, ვინაიდან მოგეხსენებათ ვერც ერთი თაობის თუ მთავრობის პირობებში აღნიშნული რეფორმები ვერ განხორციელდა. ის დაიწყო გარკვეულწილად, მაგრამ არათანაბრად, არათანმიმდევრულად და საბოლოო ჯამში ვერ მიაღწიეს მიზანს“, - განაცხადა ოთარ დანელიამ.
მისი თქმით, აუცილებელი და მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით სოფელში, თუ ჩვენ გვინდა რომ ძლიერი სოფელი გვქონდეს, დავიწყოთ იმ საბაზისო რესურსით, რომელიც არის მიწა - ყველაზე ძვირფასი თითოეული ქართველისთვის.
ოთარ დანელიას განცხადებით, ასევე ბევრჯერ დაისვა კითხვა ანაკლიის პორტთან დაკავშირებით, მათ შორის, დარგობრივ სამინისტროებთან, მინისტრობის კანდიდატებთან. „ვიცით დარგობრივი მიდგომები ამ თემასთან დაკავშირებით და ჩვენთვის ძალიან საინტერესო იქნება თქვენი პოზიცია ამ პროექტთან დაკავშირებით, ვინაიდან სამეგრელოსთვის ეს არის სასიცოცხლოდ მნიშვნელობის პროექტი, რომელიც რა თქმა უნდა, რეგიონული უსაფრთხოების თვალსაზრისითაც ძალიან დიდ გავლენას ახდენს“, - განაცხადა ოთარ დანელიამ.