9-09-2019
ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში ქართველი და უცხოელი სტუდენტები განათლებას ერთდროულად მიიღებენ, როდესაც მათი ლექტორები იქნებიან როგორც ქართველი პროფესორები, ასევე დარგის წამყვანი საერთაშორისო ექსპერტები უცხოეთიდან,- ამის შესახებ ქუთაისის საერთაშორისო უნივერისტეტის რექტორმა ალეკო თევზაძემ ,,იმედის კვირასთან“ განაცხადა.
„აკადემიური პროგრამის განვითარების გეგმის მიხედვით, რომელიც შემუშავდა მიუნხენის ტექნიკურ უნივერსიტეტთან თანამშრომლობით, დაგეგმილია, რომ პირველ წელს უნივერსიტეტმა ახალგაზრდებს შესთავაზოს სამი საგანმანათლებლო პროგრამა - ეს არის ინფორმატიკა, მენეჯმენტი და მათემატიკა. ყველა კურსი შეთავაზებული იქნება ინგლისურ ენაზე. ეს საშუალებას მოგვცემს, რომ ჩვენ შევქნათ საერთაშორისო საგანმანათლებლო გარემო. ამ გარემოში ქართველი და უცხოელი სტუდენტები შეძლებენ ერთდროულად მიიღონ განათლება, როდესაც მათი ლექტორები იქნებიან როგორც ქართველი პროფესორები, ასევე დარგის წამყვანი საერთაშორისო ექსპერტები უცხოეთიდან”,- აცხადებს ალეკო თევზაძე.
ქუთაისის საუნივერსიტეტო კომპლექსი იქნება მეცნიერებისა და ტექნოლოგიების საერთაშორისო ჰაბი კავკასიის რეგიონში . ევროპული სამეცნიერო და სასწავლო სერვისების წამყვანი პროვაიდერი საერთაშორისო საგანმანათლებლო სივრცეში საქართველოს პოზიციონირების უმნიშვნელოვანეს კომპონენტად იქცევა, ამისთვის უნივერსიტეტის მენეჯმენტი მიუნხენის ტექნიკურ უნივერსიტეტთან 2017 წლიდან თანამშრომლობს.
ქუთასისთვის საუნივერსიტეტო ქალაქის ფუნქციის მინიჭების იდეა, ყოფილი პრემიერ- მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის სახელს უკავშირდება და მის მშენებლობას საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდი ,,ქართუ” სრულად აფინანსებს.