10-09-2019
გორის მერმა კოტე თავზარაშვილმა განაცხადა, რომ დაიწყო ადმინისტრაციული წარმოება იმ თანამშრომლის გამოსავლენად, რომელმაც სახელმწიფო აუდიტის სამსახურის თანამშრომლისგან მიღებული წერილი გაასაჯაროვა. ამის შესახებ გორის მერი qartli.ge-ს ესაუბრა.
მისი თქმით, წერილი, რომელიც ჯერ თავად მერსაც არ ჰქონდა წაკითხული, მედიის ხელში აღმოჩნდა.
,,ეს მასალა მოვიდა ელექტრონული ფოსტით, რომელზე წვდომაც ადმინისტრაციის უფროსს ლექსო (ალექსანდრე) თარხნიშვილს აქვს. საკმაოდ მოცულობითი მასალაა, რომელიც ჯერ ოფიციალურ დოკუმენტს არ წარმოადგენს. ჩვენ უკვე დავიწყეთ ადმინისტრაციული წარმოება, ვიკვლევთ, თუ როგორ აღმოჩნდა ეს მასალა ადმინისტრაციის მიღმა. ლექსო თარხნიშვილიც გამოვიკითხეთ" - აცხადებს კოტე თავზარაშვილი.
ჩვენს კითხვაზე, ლექსო თარხნიშვილის შემდეგ, ვის გადაეგზავნა მასალები, კოტე თავზარაშვილი გვპასუხობს: ,,ლექსო ამბობს, რომ არ ვიციო. მინდა გითხრათ, რომ ის თანამშრომელი, ვინც უნდა იყოს, მკაცრად დაისჯება" - დასძინა მერმა.
საქმე ეხება სამუშაო მასალას, რომელიც სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა გორის მერიას აგვისტოს ბოლოს გაუგზავნა. სახელმწიფო აუდიტის სამსახურის წარმომდგენელი, ტატა გამყრელიძე ამბობს, რომ აუდიტის სახელით გასაჯაროებულმა ინფორმაციამ გაკვირვება გამოიწვია:
,,გორის მერიის ფინანსური აუდიტის ანგარიში
ჯერ დამტკიცებული არ არის, შესაბამისად, უხერხულია ვისაუბროთ აუდიტის სახელით დასკვნის არსებობის შესახებ. ეს მასალები შეიძლება ჩვენს ხელმძღვანელსაც არა აქვს წაკითხული, არა თუ დამტკიცებული. აუდიტორთა ჯგუფი მუშაობს ქუთაისში, მათ კომუნიკაცია მხოლოდ ადრესატებთან აქვთ. აქვთ მიმოწერა ამა თუ იმ საკითხზე დასაზუსტებლდ." - აღნიშნავს ტატა გამყრელიძე. მისი განმარტებით, სწორედ, ამ სამუშაო პროცესის მასალებია გასაჯაროებული.
რაც შეეხება გორის საკრებულოს, აქ ეს დოკუმენტი 6 სექტემბერს გადაუგზავნეს. საკრებულოს აპარატის სპეციალისტი ნათია ომაძე ამბობს, რომ მასალებს საკრებულოში ჯერ არ იცნობენ: ,,ჩვენ არ ვიცით ამ დოკუმენტის შესახებ. ეს მერიაში უნდა მოიკითხოთ" - ამბობს ნათია ომაძე.
საკრებულოს თავმჯდომარე დავით რაზმაძე ამბობს, რომ გორის მერიიდან მასალები საკრებულოში გუშინ გაგზავნეს მეილით:
,,აუდიტის დასკვნის მასალები ჩვენ მივიღეთ გუშინ, ელექტრონული ფოსტით, თუმცა მედიაში იმაზე ადრე გაჟღერდა, ვიდრე ჩვენ მივიღებდით" - განმარტავს დავით რაზმაძე.
სახელმწიფო აუდიტისი სამსახურის სპეციალისტებმა მასალები, სადაც საკუთარი მოსაზრებებიც იყო მოცემული, გორის მერიას 20 აგვისტოს გაუგზავნეს. 20 სექტემბრამდე მერიას საკუთარი შენიშვნების დაფიქსირების საშუალება აქვს.
,,20 სექტემბერის შემდეგ მინიმუმ 1 თვე იქნება საჭირო, რომ გორის მერიიდან მიღებული პასუხების შესწავლა მოხდეს. თუ არ შეჯერდა მასალები, ბუნებრივია, დასკვნა ვერ დაიდება" - აღნიშნავს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის წარმომადგენელი.