გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

გახდება თუ არა ხაზარაძე „ახალი ბურჭულაძე“

11-09-2019

„თიბისი ბანკის“ დამფუძნებელი მამუკა ხაზარაძე პოლიტიკაში ოფიციალურად შემოდის - მისი საზოგადოებრივი მოძრაობის პრეზენტაცია ხუთშაბათს, 12 სექტემბერს ანაკლიაში გაიმართება, სადაც ხაზარაძე საზოგადოებას იმ გუნდს წარუდგენს, რომელიც სავარაუდოდ მასთან ერთად იბრძოლებს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე. ღონისძიებაზე ოფიციალურად პირველად დასახელდება ორგანიზაციის სახელწოდება და ორგანიზაციის მიზნები.

პოლიტიკურ ექსპერტთა ნაწილი ამასთან დაკავშირებით 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებთან ავლებს პარალელს და პოლიტიკაში პაატა ბურჭულაძის შემოსვლას იხსენებს.

ხაზარაძემ მოძრაობის დაფუძნების წინ იმ წერილის ექსპერტიზის შედეგები წარმოადგინა, რომელიც, მისი მტკიცებით. მას გიორგი ხაზარაძემ მისწერა. ექსპერტიზა ინგლისში ჩატარდა. ხაზარაძის ადვოკატები ამბობენ, რომ მათ დისკი მიიღეს, რომელზეც  ექსპერტიზის შედეგებია ასახული და აღმოჩნდა, რომ მასზე ათობით თითის ანაბეჭდია ნაპოვნი.  

როგორც ადვოკატი  ზვიად კორძაძე განმარტავს, ექსპერტიზის შედეგს პროკურატურას წარუდგენენ. ხოლო ამ ანაბეჭდების ავტორთა ვინაობის დადგენა საქართველოს პროკურატურის პრეროგატივაა. 

მამუკა ხაზარაძემ თავის „ფეისბუკის“ გვერდზე დაწერა, რომ მისი მოძრაობის მთავარი მიზანი ღირსეული საქართველოსთვის ბრძოლა და ღირსების დაცვა იქნება. მისი სიტყვებით, „ჩვენი ქვეყანა და ხალხი ნამდვილად არ არის იმის ღირსი, რა მდგომარეობაშიც ის ახლა იმყოფება“. 

რაც შეეხება მის გუნდს, ამაზე საუბრი დაზუსტები უკვე 12 სექტემბერს იქნება შესაძლებელი, თუმცა მანამდე უკვე ცნობილია, რომ ხაზარაძის მოძრაობაში ყოფილი პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის საპარლამენტო მდივანი ანა ნაცვლიშვილი იქნება. ასევე პრეზიდენტის ყოფილი მრცეველი კახა კოჟირიძე და იურისტი ლევან ალაფიშვილი. თუმცა, არც ის არის გამორიცხული, რომ მის გუნდში მეოთხე პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილიც ვიხილოთ.  

ანალიტიკოსი კორნელი კაკაჩია „რეზონანსთან“ აცხადებს, რომ თუ მამუკა ხაზარაძის და ზურაბ ჯაფარიძის პათოსს გავითვალისწინებთ, მათ, სავარაუდოდ, იმედი აქვთ, რომ წერილი და მისი ექსპერტიზის დასკვნა იმის საშუალებას მისცემთ, რომ საზოგადოებაში საკუთარი თავის რეაბილიტაცია მოხდინონ, საზოგადოებას დაუმტკიცონ, რომ მათ წინააღმდეგ დაწყებული გამოძიება პირადი შურისძიებაა და მათი რეპუტაციის მიზანმიმართული შელახვა ხდება. 

კაკაჩია აცხადებს, რომ წერილთან დაკავშირებით მათ აქვთ გარკვეული მყარი გარანტია, რომ ამას პოლიტიკურ თამაშში გამოიყენებენ და დარწმუნებული არიან, რომ ხელისუფლება ამ საქმის გამოუძიებლობით ამის საშუალებას მისცემს.

„რაც შეეხება მამუკა ხაზარაძის პოლიტიკურ შანსებს, წინასწარ დაზუსტებით რაიმეზე საუბარი საკმაოდ რთულია. მითუმეტეს ჯერჯერობით ზუსტად მისი გუნდის შესახებ არაფერი ვიცით. ასევე არჩევნებამდე კიდევ ერთი წელი და რამდენიმე თვეა დარჩენილი. არ ვიცით ჯერჯერობით ამ გუნდის არც ხედვები და არც იმ პრობლემების გადაჭრის გეგმა, რომელიც ჩვენს ქვეყანას აქვს. 

„თუმცა, ფაქტი ერთია - კვლევების მიხედვითაც და ისედაც კარგად გამოჩნდა, რომ საზოგადოების დიდ ნაწილში არსებული პოლიტიკური პარტიების მიმართ განწყობა უარყოფითია. ამიტომ ყველა რაღაც ახალს ელოდება. თუკი მამუკა ხაზარაძე ამ ელექტორატის მიმხორობას შეძლებს, მას შანსები აქვს.

„თუმცა, აქ არის კიდევ ერთი ფაქტორი - მასზე ხელისუფლების მხრიდან ზეწოლა კიდევ უფრო გაიზრდება. გვახსოვს ბურჭულაძე როგორ ჩაძირეს. ამიტომაც ხაზარაძე ყველაფრისთვის მზად უნდა იყოს. 

„არც ის არის კარგი, რომ ის არცერთ პოლიტიკურ პარტიასთან ჯერჯერობით თანამშრომლობას და პარტნიორობას არ აპირებს. არც იმას გამოვრიცხავ, რომ „ნაციონალები“ და „ოცნება“ მის წინააღმდეგ უბრალოდ შეიკრან და ყველა მხრიდან წინააღმდეგობაში აღმოჩნდეს. ვნახოთ და დაველოდოთ, ალბთ ეს რისკები მასაც გაანალიზებული ექნება“, - აცახდებს კორნელი კაკაჩია „რეზონანსთან“.

ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე კი ფიქრობს, რომ მამუკა ხაზარაძეს არ აქვს საზოგადოებაში არც რეიტინგი და არც ის ქარიზმა, რომ მან ჩამოუყალიბებელი ამომრჩევლის ყურადღება მიიპყროს. მითუმეტეს ბანკირების მიმართ ჩვენს საზოგადოებაში არცთუ კარგი დამოკიდებულება არსებობს. 

ძაბირაძე „რეზონანსთან“ ამბობს, რომ ხაზარაძეს რესურსი აქვს, თუმცა გააჩნია ამ რესურსებს როგორ და რა ფორმით გამოიყენებს. მისი აზრით, მას არ აქვს პოლიტიკაში მოღვაწეობის  გამოცდილება, ამიტომაც ახალი სახეებით პოლიტიკაში შემოსვლა საკამოდ რთულია და გარკვეულ რისკებთანაა დაკავშირებული. 

თუმცა, ანალიტიკოსს არ მიაჩნია, რომ მას ბურჭულაძის მსგავსი ბედი ეწევა. მისი აზრით, ხაზარაძე თუ პოლიტიკის მიღმა დარჩა, ის ბიზნესის მიღმაც დარჩება, რადგანაც მას ახლა დასაკარგი, ბურჭულაძისგან განსხვავებით, უფრო მეტი აქვს. ასევე  ბრძოლის  იარაღად ხელთ ანაკლიის პორტი მშენებლობა აქვს და მისი საშუალებით შეუძლია, რომ დასავლეთის ყურადღებაც მიიპყროს და ადვილად ჩასაყლაპიც არ გახდეს. 

„რესურსი იმისა, რომ შეიქმნას ძლიერი პარტია და გუნდი, არსებობს. ელექტორატი, რომელიც „ოცნებასა“ და „ნაციონალებს“ მიღმაა, ნამდვილად ასათვისებელია. თუ პოლიტიკურად დაძაბული სიტუაცია არ იქნა და ქვეყანაში პოლიტიკური პროცესები არ გამწვავდა, ეს ელექტორატი მშვიდად რომელიმე მესამე ძალაზე არჩევანს აუცილებლად გააკეთებს. ეს კი იმას არ ნიშნავს, რომ ისინი არჩევანს მაინც და მაინც ხაზარაძეზე გააკეთებენ. 

„აქ ძალიან ბევრი ფაქტორია გასათვალისწინებელი: პირველ რიგში გუნდი, ვინ იქნებიან ხაზარაძის გვერდით, შემდეგ - ამ ხალხს პოლიტიკის კეთების რა გამოცდილება აქვს. თავად ხაზარაძეს ეს გამოცდილება არ აქვს. კი, ბიზნესმენია და საქართველოში ცხოვრობდა, მაგრამ პოლიტიკა აბსოლუტურად განსხვავებული სიტუაციაა. 

„მხოლოდ ფინანსური რესურსი და იმის იმედად ყოფნა, რომ ეს ორი პარტია - „ოცნება“ და „ნაციონალები“ გულზე დიდად არავის აღარ ეხატება, არ შეიძლება. ეს გარანტიები ვერ იქნება. შესაძლოა ბარიერი ხაზარაძემ გადალახოს, მაგრამ მერე რა? ის იქნება ერთი ჩვეულებრივი დეპუტატი. სხვას სერიოზულს ვერაფერს გააკეთებს. 

„თუმცა, თუ პოლიტიკური ველის მიღმა დარჩა, მაშინ მას საქმე ძალიან ცუდად ექნება - ის ბიზნესის მიღმაც დარჩება. მას ახლა დასაკარგი ძალიან ბევრი აქვს და ამიტომაც მგონია, რომ ბევრად უფრო გააზრებული ექნება ყველაფერი, ვიდრე ბურჭულაძეს 2016 წელს ჰქონდა“, - აცხადებს ძაბირაძე „რეზონანსთან“.

მისივე აზრით, ხაზარაძე ოპოზიციაში მისაღები იქნება როგორც დასავლეთისთვის, ასევე რუსეთისთვის. ანალიტიკოსი ამბობს, რომ გააჩნია ხაზარაძის მადას და ამბიციებს - რა სურს მას და სადამდე წავა. ხელისუფლების ქმედებებიც ამაზე იქნება დამოკიდებული. ძაბირაძე ფიქრობს, რომ ხაზარაძეს პოლიტიკურ პარტიებთან თანამშრომლობის გარეშე ბრძოლა კიდევ უფრო გაუჭირდება.

გაზეთი "რეზონანსი"