13-09-2019
„მთავრობის სხდომაზე დღეს საინტერესო განკარგულების პროექტი გამოვიდა, რომლის თანახმადაც, ფინანსთა სამინისტრო დაიწყებს მოლაპარაკებებს EBRD -თან და EIB -თან კონკრეტულად თბილისის ურბანული რკინიგზის პროექტის განსახორციელებლად", - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.
მან მედიასთან ისაუბრა ახალი ურბანული რკინიგზის პროექტის შესახებ, რომლის შესახებაც მთავრობის სხდომაზე იყო განხილვა.
„დღეს როგორც იცით, მთავრობის ახალი შემადგენლობის პირველი სხდომაა. დღეს ძალიან საინტერესო განკარგულების პროექტი გამოვიდა მთავრობის სხდომაზე, რომლის თანახმადაც ფინანსთა სამინისტრო დაიწყებს მოლაპარაკებებს EBRD -თან და EIB - თან, კონკრეტულად თბილისის ურბანული რკინიგზის პროექტის განსახორციელებლად. ეს პროექტი საკმაოდ მსხვილია, სამგორი-ლილოს მიმართულებით ურბანული რკინიგზის განვითარების პროექტი. დაახლოებით 7 სადგური იქნება და რაც მთავარია, პროექტის ფარგლებში იგეგმება ამ სარკინიგზო მიმოსვლით რუსთავთან დაკავშირება. ეს თბილისის მერიის ინიციატივაა და მათ მოგვმართეს თხოვნით, რომ ჩვენ დავიწყოთ მოლაპარაკებები ამ საკითხთან დაკავშირებით. ორივეს, EBRD -ს და EIB -ს აქვს ამ პროექტის ინტერტესი, პირველადი ასე ვთქვათ, "მოთელვა" მათ და მერიას შორის მოხდა და მერიამ ამ ეტაპზე გვთხოვა, რომ ფინანსთა სამინისტრო ჩართულიყო უშუალოდ პროექტის დეტალებში, მიზანშეწონილობის შესწავლაში და მოლაპარაკებებში", - აღნიშნა მაჭავარიანმა.
მანვე ისაუბრა პროექტის ღირებულებასა და სავარაუდო დაფინანსების წყაროზე.
„დაახლოებით 174 მლნ დოლარიდან 200 მლნ დოლარამდეა სავარაუდო თანხა, იმისდა მიხედვით, იქნება ეს ერთხაზიანი რკინიგზა თუ ორხაზიანი. რასაკვირველია, სესხზეა საუბარი, თუმცა ეს ის სფეროა, სადაც ასევე გრანტების მოზიდვაც შესაძლებელია. ე.წ. ურბანულ connectivity-სთანაა დაკავშირებული, ანუ რუსთავის დაკავშირება თბილისთან. როგორც წესი, ეს ის სფეროებია, სადაც გრანტები შესაძლებელია მოვიპოვოთ", - განაცხადა მაჭავარიანმა.
https://www.interpressnews.ge/