16-09-2019
ქობულეთში სასწავლო- სააღმზრდელო დაწესებულებებს მიღმა ასამდე ბავშვი დარჩა. საუბარია იმ ბავშვებზე, რომლებსაც 6 წელი სექტემბრის 17 რიცხვიდან წლის ბოლომდე უსრულდებათ. ისინი წელს საბავშვო ბაღებმა არ მიიღეს და სკოლის მიღმაც დარჩნენ. პრობლემის დროულად მოგვარების მოთხოვნით, მშობლები ბავშვებთან ერთად ქალაქის მერიის შენობასთან შეიკრიბნენ.
„ვითხოვთ პრობლემის დროულად მოგვარებას. სად წავიყვანოთ ბავშვები. რაც ისწავლეს, მომავალ წლამდე დაავიწყდებათ. ჩემს ბავშვს სასკოლო ასაკი 11 ოქტომბერს უსრულება. 4 დღის წინ გავიგეთ, რომ ბავშვი ბაღის გარეთ დარჩა და არც სკოლაში იღებენ,"- განაცხადა სოფიო მახარაძემ.
შეკრებილებს ქობულეთის მერის მოადგილე და ბაღების გაერთიანების უფროსი შეხვდნენ.
„გარდამავალი ასაკის ბავშვებისთვის სკოლებს ჰქონდათ გამოყოფილი ფართები და შექმნილი იყო მოსამზადებელი ჯგუფები. წელს სკოლებმა ფართის გამოყოფაზე უარი განაცხადეს, რის გამოც ეს პრობლემა შეიქმნა. მოლაპარაკებები ამ
დრომდე მიმდინარეობს. მესამე სკოლამ ოთახის გამოყოფაზე დღეს განაცხადა თანხმობა. პასუხს მეექვსე სკოლისგან ველოდებით. პრობლემა ალბათ ერთ კვირაში გადაწყდება“, - განაცხადა ქობულეთის ბაღების გაერთიანების დირექტორმა ია ხალვაშმა.