19-09-2019
ქუთაისში საერთაშორისო უნივერსიტეტის მშენებლობის პროცესი დღეს განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა ფონდ „ქართუს“ ხელმძღვანელობასთან, უნივერსიტეტის რექტორთან და გერმანელ მეცნიერებთან ერთად დაათვალიერა.
პროექტის პირველ ფაზაში 170 ათასი კვადრატული მეტრის ფართის შენობა-ნაგებობები შენდება, რომელიც სამ სასწავლო კორპუსს, სამ სტუდენტურ საცხოვრებელს, ცენტრალურ ბიბლიოთეკასა და სასადილოს მოიცავს.
„უნივერსიტეტი მიიღებს რამდენიმე ათას სტუდენტს. რაც შეეხება სწავლის საფასურს, რადგან უნივერსიტეტი არის სახელმწიფო უნივერსიტეტი, სწავლის გადასახადი იქნება იგივე, რაც სვა უმაღლეს სასწავლებლებში. თუმცა ფონდი „ქართუ“ მუშაობს პროექტზე, რომლის თანახმადაც, წარჩინებული სტუდენტებისთვის დაწესდება „ქართუს“ სტიპენდია“, – განუცხადა საქართველოს პირველ არხს ფონდ „ქართუს“ გამგეობის თავმჯდომარემ ნიკოლოზ ჩხეტიანმა.
ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის ახალი საგანმანათლებლო სივრცის პრეზენტაცია გუშინ გაიმართა. როგორც პრეზენტაციაზე ნიკოლოზ ჩხეტიანმა აღნიშნა, ბიძინა ივანიშვილის ოჯახის გადაწყვეტილებით, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტისა და ადრონული ამაჩქარებლის პროექტისთვის გათვალისწინებულია ჯამურად მილიარდი ევროს გაღება.
ამასთან, პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტთან დაკავშირებით გუშინ განცხადებაც გაავრცელა სახელწოდებით – „ადგილი, სადაც ნიჭი და შესაძლებლობები რეალიზდება“.