19-09-2019
ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორის, ალექსანდრე თევზაძის განცხადებით, უნივერსიტეტში სწავლა 2020 წლის შემოდგომაზე დაიწყება.
როგორც თევზაძემ აღნიშნა, ახალგაზრდები თავდაპირველად სამ საგანმანათლებლო პროგრამაზე – მათემატიკის, კომპიუტერული მეცნიერებისა და მენეჯმენტის საბაკალავრო პროგრამებზე ისწავლიან.
„უნივერსიტეტის აკადემიური განვითარების სტრატეგიის მიხედვით, შემდგომ წლებში უნივერსიტეტს დაემატება როგორც საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამები, ასევე გაფართოვდება შემოთავაზებული სპეციალობების სპექტრიც. უნივერსიტეტის კარი ღია იქნება როგორც ქართველი, ასევე უცხოელი სტუდენტებისთვის, ამასთან, ქართულ აკადემიურ პერსონალთან ერთად, სწავლებაში ჩართული იქნებიან უცხოელი პროფესორები“, – განაცხადა ალექსანდრე თევზაძემ.
მისივე თქმით, საქართველოს მოქალაქეებისთვის იქნება სტანდარტული ვაუჩერი, რომელიც სრულად დაფარავს სწავლის დაფინანსებას. ახალგაზრდები მას ეროვნული გამოცდების წარმატებით დასრულების შემთხვევაში მიიღებენ, უცხოელი სტუდენტების შემთხვევაში კი, განსხვავებული ვაუჩერი იქნება.
რაც შეეხებათ ლექტორებს, ალექსანდრე თევზაძის განცხადებით, მათი რაოდენობა დადგინდება საგანმანათლებლო პროგრამების სტრუქტურიდან გამომდინარე.
„პირველ ეტაპზე ჩვენ გვაქვს მოლაპარაკება მთელ რიგ უცხოელ პროფესორებთან, რომელთაგან ველოდებით საბოლოო დადასტურებას. საბოლოო რიცხვი განისაზღვრება იმის მიხედვით, რამდენი ლექტორი იცხოვრებს ქუთაისის კამპუსში და ჩაატარებს ლექციებს, ხოლო რამდენი შეძლებს ონლაინ მეთოდით ლექციების ჩატარებას. ყველა ქვეყნიდან იქნებიან საერთაშორისო წამყვანი სპეციალისტები. საგანმანათლებლო პროგრამები მომზადებულია მიუნხენის ტექნიკური უნივერსიტეტთან თანამშრომლობით, ამიტომაც ინტერესია გერმანული მხრიდან, რომ სასწავლო პროცესში ჩაერთნენ მიუნხენის ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორები. უახლოეს მომავალში გამოვაცხადებთ საჯარო კონკურსს ქართველი აკადემიური პერსონალისთვის“, – განაცხადა ალექსანდრე თევზაძემ.
ამასთან, როგორც დღეს ფონდ „ქართუს“ გამგეობის თავმჯდომარემ ნიკოლოზ ჩხეტიანმა განაცხადა, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის წარჩინებული სტუდენტებისთვის „ქართუს“ სტიპენდია დაწესდება.
უნივერსიტეტის ახალი საგანმანათლებლო სივრცის პრეზენტაცია გუშინ გაიმართა. როგორც პრეზენტაციაზე ჩხეტიანმა აღნიშნა, ბიძინა ივანიშვილის ოჯახის გადაწყვეტილებით, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტისა და ადრონული ამაჩქარებლის პროექტისთვის გათვალისწინებულია ჯამურად მილიარდი ევროს გაღება.
ამასთან, პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტთან დაკავშირებით გუშინ განცხადებაც გაავრცელა სახელწოდებით – „ადგილი, სადაც ნიჭი და შესაძლებლობები რეალიზდება“.