გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

თელავში მუსიკის საერთაშორისო ფესტივალი იწყება

20-09-2019

21 სექტემბერს, 19:00 საათზე, თელავის დრამატულ თეატრში, კლასიკური მუსიკის ფესტივალი ცნობილი მევიოლინის კოლია ბლახერისა და საფესტივალო ორკესტრის კონცერტით გაიხსნება. კონცერტს არიელ ცუკერმანი უდირიჟორებს.

21-29 სექტემბერს, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერითა და კლასიკური მუსიკის ცენტრის ორგანიზებით, ფესტივალს თელავის დრამატული თეატრი უმასპინძლებს. მსმენელის წინაშე წარდგებიან გამოჩენილი პიანისტი ელისო ვირსალაძე, ასევე საერთაშორისო კონკურსების ლაურეატები: ჯან ჩაკმური და ნიკოლოზ ნამორაძე, ცნობილი მევიოლინეები: კოლია ბლახერი და ფუმიაკი მიურა, ვიოლონჩელისტთა საერთაშორისო კონკურსების ლაურეატი, ახალგაზრდა თაობის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ვიოლონჩელისტი ალექსანდრ ბუზლოვი, დავიდ ოისტრახის სიმებიანი კვარტეტი და გორის ქალთა კამერული გუნდი.

საფესტივალო ორკესტრის შემადგენლობაში თბილისის სახელმწიფო კამერულ ორკესტრ „საქართველოს სინფონიეტასთან“ ერთად იქნებიან: თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის ორკესტრისა და უცხოეთიდან მოწვეული მუსიკოსები.

წელს ფესტივალს ახალი კომპონენტი დაემატა - „საუბრები მუსიკაზე“ - ინტერაქტიული შეხვედრები, რომლებზეც მსმენელს შესაძლებლობა ექნება, პირადად შეხვდეს და გაეცნოს მოწვეულ სტუმრებს. ამჯერად შეხვედრის მოდერატორები ზურაბ ქარუმიძე და ზაზა შათირიშვილი იქნებიან.

ფესტივალის ფარგლებში სამუსიკო სკოლების მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის მასტერკლასებს გამოჩენილი მუსიკოსები ჩაატარებენ. წლევანდელ ფესტივალზე თელავის ნიკო სულხანიშვილის სახელობის სამუსიკო სასწავლებელში სოლო კონცერტს 9 წლის პიანისტი და კომპოზიტორი ცოტნე ზედგინიძე გამართავს.

ფესტივალის წარმომდგენია საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო. ფესტივალის ორგანიზატორი სსიპ კლასიკური მუსიკის დაცვის, განვითარებისა და პოპულარიზაციის ცენტრი. მხარდამჭერები: წინანდლის ალექსანდრე ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმი, ქალაქ თელავის მერია, თელავის ვაჟა-ფშაველას სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრი, ევგენი მიქელაძის სახელობის ეროვნული მუსიკალური ცენტრი, თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრი, თელავის ნიკო სულხანიშვილის სახელობის სამუსიკო სასწავლებელი, საავტორო სტუდია, სასტუმროები „ალაზნის ველი“, „თელა“ და „ერეკლე II“. საინფორმაციო მხარდაჭერა: რადიო „ფორტუნა“, ჟურნალი „კულტურა +“, საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი, რადიო ერთი, საინფორმაციო სააგენტო GHN, ტელეკომპანიები „იმედი“ და ARTAREA.